კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატის თეა წულუკიანის განცხადებით, სასამართლოში უჩივლებს ყველას, ვინც მას გელათის გამო “ცილს დასწამებს”.
“მე ვაპირებ და ასეთი დავალებაც აქვთ ჩემს თანამშრომლებს, რომ ნებისმიერი ადამიანის საჯარო განცხადება, რომელიც დაგვწამებს ცილს, რომ ჩვენ ამჟამად რაღაცას ვაფუჭებთ, ყველა ამგვარი განცხადება სასამართლოში დასრულდება, რადგან მე ამ ყველაფრის მოთმენას აღარ ვაპირებ.
როგორც იუსტიციის სამინისტროში, ისე აქ, ის რასაც ჩემი ხელმძღვანელობით, ჩვენი სისტემის თანამშრომლები აკეთებდნენ, რა თქმა უნდა, ყველაფერზე პასუხს ვაგებ მე, მაგრამ როდესაც რაღაცაში არ ვართ ჩართულნი, მე ვერავის მივცემ უფლებას სამინისტროს თანამშრომლებს მიაყენოს შეურაცხყოფა”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, პასუხს ვერ აგებს იმაზე, რასაც თავად არ აკეთებს.
“აქ ბევრს საუბრობენ გელათზე, სამწუხაროდ, მე ღიად გეუბნებით, რომ იმაზე, რასაც მე არ ვაკეთებ, პასუხს ვერ ვაგებ და ძალიან სამწუხაროა, რომ 2022 წლის 3 ოქტომბრიდან, ჩვენ მოგვეცა მითითება, რომ აღარ ვიმუშაოთ გელათში, ამიტომ 2022 წლის სამი ოქტომბრის შემდეგ ჩემთვის აბსოლუტურად უცნობია, არა იმიტომ, რომ რაღაც შეიძლება არ ვიცი, უბრალოდ უცნობია ჩვენთვის ინსტიტუციურად იქ რა ხორციელდება, ჩვენ როგორც გვითხრეს, იუნესკო აპირებს ვიზიტს გელათში, პროაქტიურ ვიზიტს, რეაქტიულ ვიზიტს წელს და რა თქმა უნდა, მათი დასკვნის შედეგად გვეცოდინება ამჟამად იქ რა ვითარებაა. მე მაქვს რა თქმა უნდა, რწმენა იმისა, რომ ყველაფერი იქ არის კარგად და იქნება საუკეთესოდ.
რაზეც მე და ჩემი გუნდი სამინისტროში ვაგებთ პასუხს, ეს გახლავთ პერიოდი 2021 წლის მაისიდან 2022 წლის სამ ოქტომბრამდე, ეს გახლავთ ის დღე, როცა ჩვენ მივიღეთ ოფიციალურ წერილი და მითითება მესაკუთრისგან, რომ ყველა ტიპის სამუშაო იქ შეჩერებულიყო, ეს ნიშნავს, რომ 2022 წლის ზამთარი და 2023 წლის ზამთარი როგორ გაიარა ძეგლმა, ჩვენ არ ვიცით. არ ვიცით, ნიშნავს არ ვიცით, ეს არც კარგს ნიშნავს, არც ცუდს ნიშნავს, ეს ნიშნავს, უბრალოდ, რომ არ ვიცი, ამას იმიტომ ვამბობ, რომ მისვამენ კითხვას, და როდესაც ვიცი, ვამბობ ვიცი და ვაგებ პასუხს, თავით, სისხლით, ხორცით, მაგრამ როდესაც არ ვიცი, არ ვიცი”, – განაცხადა წულუკიანმა.