საარჩევნო სიის მიხედვით, თეა წულუკიანის ნაცვლად პარლამენტის წევრობა ნინო იობაშვილს უწევს, თუმცა თანახმაა თუ არა იობაშვილი პარლამენტში შესვლაზე, ჯერ უცნობია.
როგორც საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა Front news_copy International-ს განუცხადა, თეა წულუკიანს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ხვალ შეუწყდება.
"სიის მიხედვით თუ გავყვებით, ქალბატონი ნინო იობაშვილი შედის. ახლა პროცედურულად ასეა: ხვალ, პლენარულ სესიაზე მოხდება ქალბატონ თეა წულუკიანისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა, პარლამენტის მიერ მიღებული ეს დადგენილება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადაეცემა, ეს უკანასკნელი ამის შემდგომ ვისაც უწევს რიგით, მას მიმართავს. იქიდან გაირკვევა, ოფიციალურად თანახმაა თუ არა ქალბატონი ნინო გახდეს პარლამენტის წევრი. დაველოდოთ მის თანხმობას. ეს სავარაუდოდ, ოთხშაბათ-ხუთშაბათის პერიოდში გახდება ცნობილი", – განაცხადა ქადაგიშვილმა.
"ქართული ოცნების“ პარტიული სიის 64-ე ნომერი ნინო იობაშვილი ამჟამად, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებს.