spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თეიმურაზ წიქვაძე – მას შემდეგ, რაც თავად ბაჩიაშვილმა დასვა შეკითხვები ეროვნული ბანკის მხრიდან განხორციელებულ ქმედებებზე, დოკუმენტები დაერთო საქმეს, რაც კარგია

გაჟღერდა, რომ თითქოს ეროვნული ბანკი ჩაერთო ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ამ საქმეში, რაც მეტყველებს იმაზე, რომ თითქოს საქმეს უჭირს იურიდიულად – ეს არის სიცრუე, –  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა თეიმურაზ წიქვაძემ, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდების საქმეზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც წიქვაძემ განმარტა, თავდაპირველად, სისხლის სამართლის საქმეში ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ ყოფილა და აღნიშნული დოკუმენტები მხოლოდ მას შემდეგ დაერთო საქმეს, რაც თავად ბაჩიაშვილმა დასვა კითხვები ეროვნული ბანკის, როგორც რეგულატორის მხრიდან საბანკო კრედიტთან დაკავშირებით განხორციელებულ ქმედებებზე.

“მინდა თქვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც ცნობილი გახდეს, რომ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული დოკუმენტაცია თავდაპირველად წარმოდგენილი არ ყოფილა სისხლის სამართლის საქმეში. მხოლოდ მას შემდეგ, რაც თავად ბრალდებულმა დასვა შეკითხვები ეროვნული ბანკის, როგორც რეგულატორის მხრიდან საბანკო კრედიტთან დაკავშირებით განხორციელებულ ქმედებებზე, ბანკის ერთ-ერთმა ადმინისტრატორმა წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტები და აღნიშნული დოკუმენტები დაერთო საქმეს, რაც კარგია იმიტომ, რომ დამატებითი მტკიცებულებებია, რაც ადასტურებს დაზარალებული ბიძინა ივანიშვილის პოზიციას მისი კუთვნილი ბიტკოინების მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების ფაქტზე. შესაბამისად, ეს ასევე მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეს არანაირად არ უჭირს სამართლებრივი თვალსაზრისით ჩვენი მოსაზრებით და უამრავი სხვა მტკიცებულებით დასტურდება ბრალდებულის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მხოლოდ მისი კითხვებიდან გამომდინარე, რომელიც მან ერთ-ერთ ადმინისტრატორთან დასვა დაკითხვის პროცესში, ბანკის სხვა ადმინისტრატორმა წარმოადგინა ეს დოკუმენტები, რომელიც მერე ორივე მხარის თანხმობით დაერთო საქმეს.

კონკრეტულ მტკიცებულებებს ვერ განვიხილავ თქვენთან ერთად, თუმცა, თუ ამაზე ბრალდებულს ექნება კიდევ ერთხელ აპელირება და გაასაჯაროებს ამას, თქვენ თვითონაც ამოიკითხავთ, რომ ეროვნული ბანკის დასკვნები იმასთან დაკავშირებით, რომ ამ საქმეში ინვესტორი არის ბიძინა ივანიშვილი, არ ეყრდნობა მხოლოდ საჯარო სივრცეში გავრცელებულ ინფორმაციას. დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ინვესტორი, გაკეთდა უშუალოდ მისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, რაც პირდაპირ არის იქ მითითებული”, – განაცხადა თეიმურაზ წიქვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები