საერთაშორისო შეფასება არის გულახდილი საუბარი და სიმართლის თქმა საქართველოს მოსახლეობასთან, რომ ეს არ არის ზეწოლა არჩევნებზე, ეს არის პოლიტიკოსების რჩევა, ანალიზი საქართველოს გარშემო, – ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ იმ გზას არ ავირჩევთ, რომელზეც ევროკავშირის ქვეყნები მიგვითითებენ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ქვეყნები ჩვენი მტრები ან მოწინააღმდეგენი გახდებიან.
“საერთაშორისო შეფასება არის გულახდილი საუბარი და სიმართლის თქმა საქართველოს მოსახლეობასთან, რომ ეს არ არის ზეწოლა არჩევნებზე, ეს არის პოლიტიკოსების რჩევა, ანალიზი საქართველოს გარშემო თუ რა ხდება, რას დაუჭერენ მხარს, რისი მომხრეები არიან და რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს საქართველო ევროკავშირში ან იყოს ჩართული იმ ფინანსურ ინსტიტუტებთან და სხვა პროგრამებთან, რომელიც ევროპას აქვს საქართველოს და სხვა ქვეყნებისადმი. ეს არ არის არჩევნებში ჩართვა, ეს არის შეფასება და მოსახლეობას ეუბნებიან, რომ ეს არის ჩვენი შეხედულება და ამ შეხედულებას თუ გაითვალისწინებთ ჩვენ ვიქნებით თქვენს გვერდში, თუ არ გაითვალისწინებთ ეს არის თქვენი არჩევანი და თუ ეს მეორე მომენტი დადგა და სხვა გზა ავირჩიეთ, ეს ევროკავშირის ქვეყნები ჩვენი მტრები კი არ იქნებიან ან მოწინააღმდეგენი, უბრალოდ, მათ ექნებათ თავისი გზა, რა თქმა უნდა, რომელიც აქვთ და ჩვენ არ ვიქნებით მათი თანამონაწილე. ჩვენ ვიქნებით ქვეყანა, რომელმაც აირჩია თავის გზა და ეს არის ჩვენი არჩევანი, ამიტომ, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ დააფიქსიროს თავისი არჩევანი, ვაჟკაცურად, სწორად, გონივრულად და არ უნდა ვიყოთ რომელიმე პოლიტიკოსის სიმპათიებზე აგებული. უნდა განვთავისუფლდეთ 26 ოქტომბერს და ავირჩიოთ ის გზა, რომელიც არის ჩვენთვის მისაღები”, – განაცხადა თემურ ჭყონიამ.
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესმა საქართველოს შესახებ დეკლარაცია მიიღო, რომელშიც გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის აშკარა ნიშნებისა და ადამიანის უფლებების შესუსტების გამო, რაც გამოიხატება საზოგადოების გაზრდილი პოლარიზაციით და ევროპის საბჭოს სტანდარტების საწინააღმდეგო კანონების ამოქმედებით.