spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თენგიზ ფხალაძე – თუ ამერიკა და ჩინეთი საერთო ენას მართლა გამონახავენ, რუსეთს ნამდვილად კარგი დღე არ დაადგება

დონალდ ტრამპი 20 იანვარს აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა. რას ნიშნავს ტრამპის ეპოქის დასაწყისი მსოფლიოსთვის და თავად ამერიკისთვის? ამ და სხვა საკითხებზე Front News “ჯიპას” ასოცირებულ პროფესორს, ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ევროპული ცენტრის უფროს მეცნიერ თანამშრომელს თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა. პროფესორმა ინტერვიუში ძირითადი აქცენტები ტრამპის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე გააკეთა. ასევე მის შესაძლო მოქმედებებზე ჩინეთთან და რუსეთთან დაკავშირებით.

საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი ინტერვიუში საუბრობს იმ პოლიტიკურ გათვლებზე და გეგმებზე, რომელიც ტრამპს ჩინეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით გააჩნია, ასევე რა სახის დათმობაზე წასვლა შესაძლოა, მოუწიოს პუტინს უკრაინის ომის დასრულების გამო.

რაც შეეხება საქართველოს, თენგიზ ფხალაძე აცხადებს, რომ სიტუაცია ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში იმდენად რთულია, წინასწარ რაიმე პროგნოზის გაკეთება გაუჭირდება.

– ამ ეტაპზე ტრამპის მმართველობის დადებითი და უარყოფითი ფაქტორები მხოლოდ მისი განცხადებებიდან გამომდინარე უნდა შევაფასოთ და ამის რეალური ანალიზის საშუალება, რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში მოგვეცემა. თუმცა თუ მისი ყველა განცხადება რეალობას შეესაბამება და მან ეს დაპირებები შეასრულა, მსოფლიოსაც და ამერიკასაც ნადვილად დიდი გამოწვევების წინაშე დადგომა მოუწევს. ტრამპი დაადგება 2016 წლის მმართველობის სტილს და ასევე ზოგ საკითხებში კიდევ უფრო მკაცრ და ხისტ ნაბიჯებს გადადგამს. ამ შემთხვევაში არ შევეხები დაწვრილებით ამერიკის შიდა პოლიტიკურ თემებს და იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ტრამპს ამ წლების განმავლობაში გამკლავება მოუწევს. პირდაპირ საგარეო და უსაფრთხოების თემებზე გადავალ. ახლა მისთვის მთავარია, რომ ყველგან და ყველაფერში წინა ადგილას ამერიკა დააყენოს. ეს უკავშირდება დაწყებული მიგრაციის თემას, რომელიც ამერიკისთვის ახლა ყველაზე მტკივნეული საკითხია. მის არჩევაში ამ თემამ ძალიან დიდი როლი ითამაშა. საუბარია არალეგალურ მიგრაციაზე მექსიკიდან, რომელიც, ზოგიერთი პოლიტიკოსის და ანალიტიკოსის შეფასებით, ამერიკისთვის საკმაოდ საშიშ ფორმებს იღებს.

– საინტერესოა სამეზობლოსთან ტრამპის ახალი პოლიტიკა, რომელიც მისი განმარტებით მკაცრი და ხისტი იქნება. რომელი ქვეყნების მიმართ ელით პირველი ნაბიჯის გადადგმას?

– ამ შემთხვევაში მექსიკას, კუბას გამოვყოფდი, რადგან ტრამპმა კუბა განსაკუთრებით,  ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ დაასახელა. რაც იმას ნიშნავს, რომ კუბაზე და ზოგადად ამ ტიპის რეჟიმებზე, ამერიკის ზეწოლა გაძლიერდება. მათ შორის ვენესუელაზე და კიდევ სხვა სახელმწიფოებზე. ის ხისტი იქნება პანამის თემასთან დაკავშირებით, რომელიც ამერიკისთვის ძალიან მტკივნეულია. ამერიკული უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პანამის პრობლემის გადაწყვეტა.

რაც შეეხება ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს, ცხადია, რომ ტრამპისთვის მნიშვნელოვანი საკითხი უსაფრთხოების კომპონენტების გაძლიერება იქნება. ტრამპი იქნება ისევ ის პრეზიდენტი, რომელიც პირველი პრეზიდენტობის დროს, პარტნიორებს მოუწოდებდა და ზოგ შემთხვევაში საკმაოდ მკაცრად, რომ თავიანთი ვალდებულება შეესრულებინათ და თავდაცვაზე მინიმუმ 2% მაინც დაეხარჯათ. თუმცა დღევანდელი მოცემულობის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, მისი მოთხოვნა იქნება, რომ ნატოს სტანდარტი 4%-დან 5%-მდე აიწიოს. ის ძალიან დიდ მნიშვნელობას თავდაცვის საკითხებს დაუთმობს. ტრამპი ეცდება, რომ საერთაშორისო უსაფრთხოება, მხოლოდ ამერიკის საზრუნავი არ იყოს. ამაში პარტნიორებმა, ნატოს ალიანსზე მაქვს საუბარი, საკუთარი წვლილი შეიტანონ.

– ჩინეთის თემას მინდა შევეხოთ, ტრამპის განცხადებებს ამ ქვეყანასთან დაკავშირებით, ინაუგურაციაზე ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის მიწვევას და საუბარს იმაზე, რომ ის და სი მსოფლიოში მშვიდობას დაამყარებენ. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ტრამპმა ჩინეთთან მიმართებაში პოლიტიკა შეცვალა?

– მე მიმაჩნია, რომ ტრამპის პოლიტიკა ჩინეთთან მიმართებაში ახლაც არაფრით განსხვავდება იმ პოლიტიკისგან, რომელიც მას 2016 წელს ჰქონდა. მისი მიდგომა იყო ის, რომ ის ჩინეთს აღიქვამდა, როგორც მნიშვნელოვან გამოწვევად. ძირითადად ეკონომიკურ კომპონენტში და ტრამპი ღიად ამბობდა, რომ ამერიკა და ჩინეთი ამ კუთხით კონკურენტები იყვნენ. თუმცა ჩინეთი არ ყოფილა საფრთხეების იმ სისტემით აღქმული, როგორიც მაგალითად რუსეთი იყო. თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ტრამპმა ჩინეთთან მიმართებაში ხისტი ქმედებები განახორციელოს, მაგრამ ეს არ იქნება ისეთი სახის, როგორსაც რუსეთთან მიმართებაში გადადგამს. მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ მან პირველი შეხვედრა დააანონსა ჩინეთის პრეზიდენტთან სი ძინპინთან და არა პუტინთან.

აქედან გამომდინარე, უკვე გამოჩნდა ტრამპს რომელი სახელმწიფო მიაჩნია მნიშვნელოვნად. ასე რომ, ის შეეცდება, ეკონომიკური საკითხები დაალაგოს ჩინეთთან. მოახდინოს ჩინეთის და რუსეთის ურთიერთობების განელება. ანუ მათი ურთიერთობა ძლიერ ალიანსამდე არ მიიყვანოს. შესაბამისად, უფრო ძლიერი პოზიციიდან დაელაპარაკება რუსეთს. ტრამპმა თქვა უკვე, რომ პუტინი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და კიდევ უფრო მძიმეში აღმოჩნდება თუ ის უკრაინაში ომს არ დაასრულებს. ტრამპი რუსეთისთვის ტარიფების გაზრდაზეც იფიქრებს სანქციების პარალელურად. მესამე საკითხი კი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია ტრამპისთვის, ეს არის აღმოსავლეთის თემა, სადაც ისრაელს ძალიან ნათელი და ცალსახა მხარდაჭერა  გამოუცხადა.

– შეგვიძლია დავუშვათ ის ვარაუდიც, რომ ჩინეთი ტრამპს სჭირდება რუსეთზე ზეგავლენის და ზეწოლის მოსახდენად, რათა უკრაინაში ომი დასრულდეს? გახსოვთ ალბათ, ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ სი ძინპინს შეუძლია პუტინთან ერთი ზარითაც კი უკრაინის ომის ბედის გადაწყვეტა. როგორ ფიქრობთ, ჩინეთის ფაქტორს პუტინზე ზეწოლისთვის გამოიყენებს? 

– კი ბატონო, გეთანხმებით, მათ შორის ეს საკითხიც არის, თუმცა არა ერთადერთი. ამერიკის სანქციების გამო ვიცით, რომ ჩინეთმა და შემდდომ უკვე ინდოეთმა, რუსული ტანკერების მომსახურება შეაჩერა. ზოგიერთმა ბანკებმა გადარიცხვებიც კი შეუჩერეს. ასე რომ, ჩინეთს რუსეთზე მართლა დიდი გავლენა აქვს. თუკი ამერიკა და ჩინეთი საერთო ენას მართლა გამონახავენ, რუსეთს ნამდვილად კარგი დღე არ დაადგება. ამიტომ ტრამპი დაელაპარაკება ჯერ ჩინეთს და შემდეგ უფრო გაძლიერებული პოზიციით რუსეთს.

– ვაშინგტონში ტრამპის ინაუგურაციის პარალელურად, რუსეთში პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა, მისი დასრულების შემდეგ კი განაცხადა, რომ მიესალმება ტრამპის სურვილს და მზაობას მასთან შეხვედრასთან დაკავშირებით. რას შეცვლის ის ფაქტი, რომ ტრამპი და პუტინი ერთმანეთს პირისპირ დაელაპარაკებიან? რისი იმედი შესაძლოა, პუტინს ჰქონდეს? ტრამპი არის ის პოლიტიკოსი, რომელიც მას პოზიციებს ადვილად დაუთმობს? 

– ტრამპი ნამდვილად არ არის ის ადამიანი, რომელიც პუტინს საჩუქარს მიართმევს. მისი პირველი პრეზიდენტობა ამას ადასტურებს. აქ ძალიან საინტერესოა ერთი ნიუანსი, რომელიც თქვენ ახსენეთ, პუტინმა თქვა, რომ ტრამპთან შეხვედრის შესაძლებლობას მიესალმება. არადა სულ რაღაცა 2 კვირის წინ, პუტინის პრესსპიკერი, ბატონი პესკოვი ამბობდა, რომ ვერანაირ წინაპირობას პუტინის და ტრამპის შეხვედრის ვერ ხედავდა. ასე რომ, ეს რიტორიკის ცვლილება ბევრ რამეს მიანიშნებს. ახლა პუტინი არის ისეთ მდგომარეობაში, მისთვის უკან დახევა ძალიან რთულია. თუმცა მას მოუწევს რაღაცებზე დათანხმება. ეს კი დიდწილად დამოკიდებული იქნება იმ გარემოებებზე, რა მდგომარეობა იქნება ფრონტზე. კი ბატონო, რუსებს გარკვეულწილად უკრაინის ტერიტორიაზე წარმატებები აქვთ. თუმცა არა ისეთი, როგორსაც ისინი ელოდნენ. ასევე კურსკში უკრაინელებსაც აქვთ წარმატება რუსების ტერიტორიაზე, ესეც გასათვალისწინებელია. მხარეები ცდილობენ რაც შეიძლება მოლაპარკებისთვის ძლიერი პოზიციები დაიკავონ, ახლა ისინი მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ თავიანთი ძალების მობილიზაცია და კონცენტრაცია მოახდინონ.

პუტინის დამოკიდებულება იქნება იმ დახმარებაზე, რომელსაც უკრაინას დასავლეთი მიაწვდის. ასევე იმაზე, რისკენაც ტრამპი ევროპაში პარტნიორებს მოუწოდებს. ვიცით ტრამპის პოზიცია, რომ ომი ევროპის ტერიტორიაზე და ევროპამ უკრაინას კიდევ უფრო ქმედითი დახმარება უნდა გაუწიოს. ასევე ჩინეთის ფაქტორი, რაზედაც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ.

– ევროპის და ტრამპის ურთიერთობაზე მინდა უნგრეთის პრემიერის ვიქტორ ორბანის განცხადებებიდან გამომდინარე გკითხოთ. მან თქვა, რომ ტრამპი ბრიუსელში ჩაბუდებულ კორუფციას, ბიუროკრატიას და სოროსის მიერ მოსყიდულ ჩინოვნიკებს საკადრის პასუხს გასცემს.  20 იანვრის შემდეგ ბრიუსელშიც დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. როგორ გესახებათ ტრამპის და ევროპის ურთიერთობა, მისი განცხადებების ფონზე?

– ევროპასთან მიმართებაში ტრამპს ორი საკითხი აინტერესებს, ეს არის უსაფრთხოება და ეკონომიკური ფაქტორი. ამერიკისთვის ეკონომიკური თვალსაზრისით ხელსაყრელი პირობები იყოს შექმნილი. ტრამპს ევროპული ბიუროკრატია ნაკლებად აინტერესებს. ასევე ევროკავშირის შიდა დაპირისპირება. ასე რომ, ეს არის განსხვავება რეალობასა და იმ პოპულისტურ მოსაზრებებს შორის, რომელიც ამა თუ იმ პოლიტიკოსების მხრიდან გვესმის.

– ტრამპის  მმართველობას და მის პოლიტიკას საქართველოშიც დიდი იმედებით ელიან. როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია ფიქრობს, რომ ტრამპის  ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით  ცვლილებები იქნება. ხელისუფლება აცხადებს, რომ ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვას გეგმავენ. ოპოზიციას კი ამაში ეჭვი ეპარება და მიაჩნიათ, რომ სანქციების რეჟიმი „ოცნების“ ხელისუფლებაზე გაგრძელდება. თქვენი მოლოდინი როგორია, რა სახით მოექცევა საქართველო და სამხრეთ კავკასია ტრამპის რაკურსში? 

– საქართველო ვერ ვიტყვი, რომ ტრამპის დღის წესრიგში ნომერ პირველი იქნება. თუმცა, “ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა, რომ ამერიკული ელიტის ყურადღება, ამ შემთხვევაში ნეგატიური კონტექსტში მიიქცია. სწორედ იმ ნაბიჯების გამო, რომელიც ხელისუფლების მიერ ბოლო დროს გადაიდგა. შესაძლოა, პირადად ტრამპი ამ დეტალებში ჩახედული არ იყოს, თუმცა იქ არიან ადამიანები, მათ შორის რუბიო, რომელიც სახელმწიფო მდივნად დამტკიცდა. ის საქართველოში მიმდინარე პროცესებზე კარგად არის ინფორმირებული. ამერიკაში გადაწყვეტილებების მიღება საკმაოდ ინკლუზიურია. ამ პროცესებში ჩართულია არა მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტი და თეთრი სახლი, არამედ ჩართული არიან სენატორები და კონგრესმენები. სამწუხაროდ, განწყობები საკანონმდებლო ორგანოში საქართველოსთან დაკავშირებით ყველასთვის ცნობილია. ეს არ არის მხოლოდ ჯო უილსონი, ასევე სხვა სენატორებიც და კონგრესმენებიც არიან, რომლებიც „ოცნების“ სასარგებლოდ არ საუბრობენ. ასე რომ, ის ნაბიჯები, რომელიც „ოცნებამ“ გადადგა, უფრო თვითდაზიანების რეჟიმზე გადასვლაა.

ნამდვილად არ ველოდები იმას, რომ რაღაცა გადატვირთვა მოხდება. არ ვიცი როდის და რა მოცემულობაში იქნება საქართველოს თემა  ტრამპის მიერ განხილული. დიდი ალბათობით რეგიონალურ კონტექსტში განიხილავენ. ხოლო ნაბიჯებით, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ირანთან, რუსეთთან, ჩინეთთან მიმართებაში დგამს, ამერიკელებისთვის ნამდვილად საუკეთესო კუთხით არ არიან წარმოჩენილი.

ელზა პაპოშვილი 

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები