spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თეონა აქუბარდია – დღეს ეროვნული უსაფრთხოება არ არის პრიორიტეტი

დღეს ეროვნული უსაფრთხოება არ არის პრიორიტეტი, ქვეყანას არ აქვს განახლებული პოლიტიკის ეროვნული დონის დოკუმენტი – ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებელის” დეპუტატი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თეონა აქუბარდია აცხადებს.

 

ის “ლელოს” ლიდერის მამუკა ხაზარაძის ინიციატივას ეხმაურება, სადაც პოლიტიკოსი აცხადებს, რომ გადაუდებელია ეროვნული კონსოლიდაციის, “ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკის” მძლავრი პლატფორმის შექმნა.  აქუბარდიას თქმით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხზე  სიტყვით ყველა თანხმდება, თუმცა ეს სფერო სრულიად მიტოვებულია.

 

“მამუკა ხაზარაძის ინიციატივასთან დაკავშირებით მოკლედ პირად აზრს გაგიზიარებთ: ეროვნული თანხმობა ქვეყნის ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფისთვის დიახ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რომ არ გვაქვს და უნდა გვქონდეს, შესაბამისად რა თქმა უნდა,  ყველა სიტყვით ვამბობთ.
თანხმობა რაზე? ესეც, ალბათ, მნიშვნელოვანია და ეს თანხმობა უნდა იყოს პოლიტიკის ირგვლივ ჯერ და შემდგომ განხორციელებისას. 

 

1. დღეს ეროვნული უსაფრთხოება არ არის პრიორიტეტი. რატომ? დიდი ხანია, გავიძახი, მაგრამ ქვეყანას არ აქვს განახლებული პოლიტიკის ეროვნული დონის დოკუმენტი – ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია. (ბოლოს 2011 წელს განაახლეს) გვპირდებიან, რომ მალე შემოვა პარლამენტში, თუმცა როცა შემოვა, ამაზეც კონსესუსი უნდა იყოს არამხოლოდ საპარლამენტო პარტიებს შორის, არამედ მის მიღმაც საზოგადოების დონეზე. 

 

2. ეროვნული უსაფრთხოების ეფექტიანი სისტემა იყო მიჩნეული ეროვნულ ინტერესად. დღეს კონსტიტუციით და კანონით ორი სათათბირო საბჭოა. ერთი პრეზიდენტთან (ეროვნული თავდაცვის საბჭო), რომელიც ომის დროს მოქმედებს და მეორე პრემიერთან მუდმივმოქმედი. ორი სათაური რომ საჭიროების შემთხვევაში პრობლემას ქმნის და ამ მხრივ მსოფლიოში მხოლოდ ჩვენ შევძელით ეს სისულელე ამაზეც პირველად არ ვამბობ და შესაცვლელია, მაგრამ … რაც შეეხება პრემიერთან არსებული უსაფრთხოების საბჭოს. გარდა იმისა, რომ ამ საბჭომ 3 პრემიერის არსებობის მანძილზე სულ 5 ჯერ შეძლო შეკრება, მიუხედავად გამოწვევებისა და კანონით ვალდებულებისა სამ თვეში ერთხელ მაინც იმსჯელოს სხვა არაერთი პრობლემაც აქვს. საბჭოს არ ყავს მდივანი, რომელიც არ შეითავსებს მდივნობას მინისტრის პოსტთან ერთად, მოადგილეები და დღემდე აპარატს მოვალეობის შემსრულებელი მართავს. კრიზისის დეფინიცია კანონში 2017 წლიდან გამქრალია, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ დონეზე კრიზისების უნდა მართავდეს ის. ბევრი სხვა საკითხიც არის, რაც კანონმდებლობაში ცვლილებებს სასწრაფოდ საჭიროებს. რუსული ჰიბრიდული ომი საჯაროდ და ოფიციალურ დოკუმენტებში საფრთხედ გვაქვს მიჩნეული, თუმცა რას ვუპირისპირებთ მას არსად გვაქვს გაწერილი. ამიტომ, დეზინფორმაცია იქნება ეს თუ მეხუთე კოლონა, ყვავის, როგორც ჩვენში იტყვიან. 

 

3. ამერიკული სამხედრო ბაზების საკითხი. სრულიად ვიზიარებ მეც, რომ ეს არის გზა უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ნატოს წევრობამდე. თუმცა ამისთვის დიდი სამუშაოებია გასაწევი მთავრობის დონეზე და ნება შესაქმნელი. რასაც ერთის მხრივ შიდა კონსესუსი სჭირდება, და მეორეს მხრივ ხელისუფლების ცვლილება. ისევე როგორც თავისუფალ ვაჭრობის შეთანხმებაზე აშშ-ს თან მთავრობის დონეზეა სამუშაო. 

 

4. ლუსტრაცია. რაც თავი მახსოვს სულ არის შიგადაშიგ დღის წესრიგში ეს საკითხი, თუმცა საფუძვლიანი განხილვა ამ საკითხზე არ მახსოვს და ამას თუ შევძლებთ ეგეც საქმეა. 

 

5. და ბოლოს, დეოკუპაცია და რუსული მცოცავი ოკუპაციის საკითხი. გარდა ერთობისა ამასაც პოლიტიკის დონეზე უნდა სტრატეგიის შემუშავება, თანხმობა.

 

დასკვნის სახით ვიტყვი, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობა კარგი და საშური საქმეა. თუნდაც ოპოზიციის შიგნით ამ საკითხების ირგვლივ ხედვის და თანხმობის უზრუნველყოფა კიდევ უფრო. საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანების (46 ათასი კაცის სულ) პრობლემების მოგვარების ხედვის შემუშავებას ერთობლივადმივესალმები, ისევე როგორც დევნილი მოსახლეობის. ნებისმიერ კოალიციურ მთავრობას თუ ექნა ეს შეთანხმებული ხედვა, საქმის ნახევარი იქნება ჩავთვალოთ უკვე. იმედი მაქვს,  ბოლომდე მივიყვანთ ამ საკითხს, რადგან როგორც სფეროს სპეციალისტს, ეს ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია”, – წერს აქუბარდია სოციალურ ქსელში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები