თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერისა და გაძლიერების პროგრამა წარმატებით ხორციელდება.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, რამდენიმე ოჯახში, პირადად მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, დავით გოგბერაშვილი და ჯემალ ისაკაძე იმყოფებოდნენ, ბენეფიციარებს საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცეს და სამომავლოდ გვერდით დგომას დაჰპირდნენ.
“ჩვენი გუნდის მთავარი პრიორიტეტი სოციალური მიმართულებით ოჯახების გაძლიერება და მათზე ზრუნვაა. აღნიშნული პროგრამა ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერას გულისხმობს. პრაქტიკამ გვიჩვენა რომ არაერთ ბენეფიციარს მოუგვარდა პრობლემა. ვფიქრობთ, მომავალში კიდევ უფრო მასშტაბური გავხადოთ, რათა ბევრმა შეძლოს პროგრამით სარგებლობა”, – განაცხადა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ.
ამ მიმართულებით, შემოსულ განცხადებებს ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება განიხილავს. ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმის ფარგლებში, ბენეფიციარებს საყოფაცხოვრებო ტექნიკა, წყლის გამათბობელი და სარეცხი მანქანა გადაეცა.
პროგრამის მიზანია, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახების გაძლიერება, სამიზნე ჯგუფს დაეხმაროს სხვადასხვა პირველადი საჭიროების მქონე ნივთების შეძენაში.
სამუშაო შეხვედრას ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების თანამშრომელი ნინო ხუჯაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.