თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 9 აპრილთან დაკავშირებით, გვირგვინით შეამკო 9 აპრილს გარდაცვლილთა სახელობის მემორიალი, სასულიერო პირებმა კი მათი სულის მოსახსენებელი პარაკლისი გადაიხადეს.
დღესვე, თერჯოლის ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა ძევრში არსებულ მემორიალიც შეამკეს გვირგვინით, ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში დაღუპულთა პატივსაცემად. მოეწყო მოკრძალებული ლიტერატურული კომპოზიციაც.
ქვეყანა დღეს, 9 აპრილს დაღუპულებს და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას იხსენებს.
36 წლის წინ რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა არმიამ მშვიდობიანი მიტინგი ორლესული ნიჩბებით და მომწამვლელი აირით სასტიკად დაარბია, დაიღუპა 21 ადამიანი. ტრაგიკული მოვლენებიდან 2 წლის შემდეგ კი უზენაესმა საბჭომ, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.