თეთრი სახლი მიიჩნევს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული კონტრშეტევის ფონზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, მობილიზაციისთვის ემზადებოდეს.
ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
სალივანის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატების გათვალისწინებით, პუტინი “შეიძლება იყოს ორი გადაწყვეტილების მიღების ზღვარზე”.
ბაიდენის მრჩეველმა განმარტა, რომ ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტილებაა უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდორეფერენდუმებისთვის მომზადება, რაც უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევაა.
“რუსეთი ჩქარობს ამ რეფერენდუმების ჩატარებას ბრძოლის ველზე უკრაინის წარმატებების საპასუხოდ, ასევე მოსამზადებლად პოტენციური მობილიზაციის ღონისძიებებისთვის“, – განაცხადა სალივანმა.
დღეს გავრცელებული ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, მოსკოვის დროით 23:59 საათის შემდეგ, 18-დან 65 წლამდე ასაკის მამაკაცებს რუსეთის ფედერაციისა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის დატოვება აეკრძალებათ.