რუსეთს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული პოზიციებიდან ჯარები რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის მიმართულებით გადაჰყავს, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
“ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგიერთი რუსული შენაერთი გადამისამართებულია კურსკის ოლქში, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ცნობებია იმის შესახებ, რასაც ჩვენ ვხედავთ. დარწმუნებით ვერ გეტყვით რამდენია, ან კიდევ რამდენი შეიძლება იყოს, ან როგორი იქნება მათი განზრახვები, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგიერთი რუსული შენაერთი გადამისამართდა კურსკის რეგიონში“, – განაცხადა კირბიმ.
მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციამ კურსკის ოლქში პუტინი დილემის წინაშე დააყენა.
“პუტინს და რუსებს კორექტირების შეტანა მოუწიათ. ჩვენ ვხედავთ ნიშანს, რომ ისინი ცდილობენ ფეხის მოკიდებას კურსკში და მის გარშემო, იქ უკრაინის ოპერაციის შედეგად. ამისათვის თქვენ უნდა აიღოთ აქტივები, რომლებიც ერთ ადგილას იყო და აკეთებდა ერთ საქმეს და ახლა სხვაგან უნდა იყოს მიმართული. ასეთი გადაწყვეტილებების მიღება, რა თქმა უნდა, დილემაა“, – განაცხადა კირბიმ.
რაც შეეხება პუტინის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებას კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციის საპასუხოდ, კირბიმ განაცხადა, რომ პუტინი შეშფოთებულია, მაგრამ შეერთებული შტატები ვერ ხედავს კრემლის ბირთვული რიტორიკის ზრდას.
“თუ მას ჯარები გადაჰყავს იქ, ის გარკვეულწილად შეშფოთებულია იმით, რაც ხდება. არ ვიცი ეს სასოწარკვეთად კვალიფიცირდება თუ არა, მაგრამ ის ნამდვილად რეაგირებს იმაზე, რაც ხდება კურსკის რეგიონში, თუმცა ჩვენ არ გვინახავს ან მსმენია რაიმე ესკალაციური რიტორიკა, განსაკუთრებით ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით, ბოლო დღეებში“, – განაცხადა კირბიმ.