ივანიშვილმა საკუთარი მთავრობა თავად მოაქცია საერთაშორისო იზოლაციაში, ახლა არ უნდა უკვირდეს, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები შეხვედრებსაც ვერ ნიშნავენ მათ შორის, აშშ-ის ადმინისტრაციაში, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, საერთაშორისო იზოლაციას ისინი 26 ოქტომბერს დაასრულებენ.
“ივანიშვილის ანტიდასავლურმა და ღიად პრორუსულმა პოლიტიკამ გამოიწვია აშშ-ს მხრიდან პირადად მის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხი. როდესაც ივანიშვილმა საკუთარი მთავრობა თავად მოაქცია საერთაშორისო იზოლაციაში, ახლა არ უნდა უკვირდეს, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები შეხვედრებსაც ვერ ნიშნავენ მათ შორის, აშშ-ის ადმინისტრაციაში. ამ საერთაშორისო იზოლაციას დავასრულებთ 26 ოქტომბერს და ღრმად ვარ დარწმუნებული, ქართველი ხალხი ევროპულ კეთილდღეობას აირჩევს”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
“ფორმულას” ინფორმაციით, “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან პირადად მიიღო გზავნილი, რომლის თანახმადაც ვაშინგტონი პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესა და მის ადმინისტრაციასთან კომუნიკაციას წყვეტს.