“ფსევდო საპარლამენტო, ყალბი, ანტიდემოკრატიული და, შესაბამისად, ანტიდასავლური იმპიჩმენტის პროცესს გვთავაზობთ და ამით ცდილობთ რეალური პრობლემების გადაფარვას“, – მიმართა ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარემ თინათინ ბოკუჩავამ საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ შოვის ტრაგედიის ირგვლივ საგამოძიებო კომისიის შექმნას და ამ საკითხზე საჯარო დისკუსიის დაწყებას ითხოვდა, ნაცვლად კი საპარლამენტო უმრავლესობისგან პროცედურული ომი მიიღო.
“საჯარო დისკუსია შემოგთავაზეთ, თქვენ კი ამის ნაცვლად კვლავ პროცედურული ომის გზა და ასე დანაშაულის დაფარვის გზა აირჩიეთ. ჩვენი მიზანი სიმართლის დადგენაა. ჩვენი მიზანია როგორ უკეთესად იყვნენ დაცული ჩვენი მოქალაქეები, როგორ გადავარჩინოთ სიცოცხლე, რატომ იჩეხება რაჭის ტყეები, ჩვენ გვსურს დანაშაულის გამოძიება, თქვენ კი დანაშაულის დაფარვა. ფსევდო საპარლამენტო, ამ ყალბი იმპიჩმენტის პროცესით ასევე ახდენთ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს. ამ ბინძურ თამაშში „ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას არ მიიღებს“, – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.