ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის ცხრა დათქმის შესრულება და ჩვენ ეს შეგვიძლია გავაკეთოთ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ზუსტად 100 დღეში, – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ევროკავშირის დათქმების შესრულება და დაჩქარებული წესით საქართველოს ევროინტეგრაცია.
“ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის ცხრა დათქმის შესრულება და ჩვენ ეს შეგვიძლია გავაკეთოთ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ზუსტად 100 დღეში.
გვაქვს კონკრეტული ხედვა ყველა მიმართულებით, იქნება ეს ანტიკორუფციული ბიურო თუ სასამართლო რეფორმა, რომელსაც, რა თქმა უნდა, გავაცნობთ პრეზიდენტს.
არსებობს კონსენსუსი ქვეყნის შიგნით, ისევე როგორც ქვეყნის გარეთ, რომ ივანიშვილის პარტია ამ დათქმებს არ შეასრულებს და ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვა პოლიტიკურმა ძალებმა და, რა თქმა უნდა, „გამარჯვების კოალიციამ“ წარადგინოს კონკრეტული ხედვა საქართველოს მოქალაქეებისთვის და ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, შესრულდეს ეს დათქმები და საქართველო დაჩქარებული წესით გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
საქართველოს პრეზიდენტთან ოპოზიციური პარტიების შეხვედრები გრძელდება. მორიგი შეხვედრა “სტრატეგია აღმაშენებლისა” და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებთან გაიმართება.