“ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციასთან ერთად ახლა უკვე რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური განცხადებით ვერ გამოვრიცხავთ, რომ მოწვევა არალეგიტიმურ, დე ფაქტო პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს უკვე აქვს მიღებული და რომ ღალატის ქრონიკის კულმინაციად, რომელსაც გასული კვირების განმავლობაში ვუყურებდით ღალატის კომისიაში, სწორედ წითელ მოედანზე ყაველაშვილის პუტინთან ერთად სამხედრო აღლუმის ჩაბარება იგეგმება”, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
“სანდო წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას – არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არჩეული არალეგიტიმური პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის 9 მაისს მოსკოვში ჩასვლის განზრახვასთან დაკავშირებით გამოეხმაურა რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერი და კრემლის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტი – მარია ზახაროვა, რომელმაც ოფიციალურ განცხადებაში დასმულ კითხვაზე არც უარყო და არც დაადასტურა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ისაუბრებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ეს ფაქტი ამყარებს საფუძველს, რომ ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული მოწვევა მიხეილ ყაველაშვილს ნამდვილად აქვს მიღებული კრემლისგან.
მაშინ, როდესაც ივანიშვილი სწორედ პუტინის მეთოდებით არბევს მშვიდობიან მომიტინგეებს, მაშინ როდესაც ივანიშვილის რეჟიმი სწორედ პუტინის მეთოდებით ებრძვის დემოკრატიულ, პროდასავლურ ოპოზიციას და ემუქრება აკრძალვით, მაშინ როდესაც სწორედ პუტინის მეთოდებით აწამებს პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ მომიტინგეებს და პოლიტიკურ ოპონენტებს, მაშინ როდესაც პუტინის დაკვეთით და პუტინის საამებლად მე-4 წელია, პატიმრობაში იმყოფება პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. და რაც მთავარია და ყველაზე მტკივნეული საქართველოს თითოეული პატრიოტისთვის, სწორედ პუტინის დაკვეთით ივანიშვილის რეჟიმი ჯალათი წულუკიანის ხელით ცდილობს, გადაწეროს საქართველოს უახლესი ისტორია რუსული ვერსიით და პუტინის სახელით გაასამართლოს ქართული სახელმწიფო, ქართული ჯარი და ქართული სარდლობა.
ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციასთან ერთად ახლა უკვე რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური განცხადებით ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეს მოწვევა არალეგიტიმურ, დე ფაქტო პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს უკვე აქვს მიღებული და რომ ღალატის ქრონიკის კულმინაციად, რომელსაც გასული კვირების განმავლობაში ვუყურებდით ღალატის კომისიაში, სწორედ წითელ მოედანზე ყაველაშვილის პუტინთან ერთად სამხედრო აღლუმის ჩაბარება იგეგმება. შეგახსენებთ, რომ საბჭოთა მემკვიდრეობის და პუტინის სისხლიანი პოლიტიკის ზეიმზე, 9 მაისს, წითელ მოედანზე იმყოფებიან ხოლმე ისეთი სახელმწიფოების მეთაურები, როგორიც არის ბელარუსი, როგორიც არის უზბეკეთი, როგორიც არის თურქმენეთი. ცნობილია, რომ წელს, წითელ მოედანზე, 9 მაისს ასევე იქნება ღიად პუტინისტი ალქსანდრ ვუჩიჩი, სერბეთის პრეზიდენტი, რომელსაც საკუთარი მოსახლეობა დამხობას უქადის”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.