დელეგაციამ საქართველოში ჩამოსვლამდე განაცხადა, რომ ეს ვიზიტი არ ემსახურება არალეგიტიმური ხელისუფლების აღიარებას, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ვიზიტის მიზანია, რომ ხელისუფლების რეპრესიებზე მტკიცებულებები მოაგროვონ.
“დელეგაციამ საქართველოში ჩამოსვლამდე განაცხადა, რომ ეს ვიზიტი არ ემსახურება არალეგიტიმური ხელისუფლების აღიარებას, პირიქით, დელეგაცია არის აქ იმისთვის, რომ შეაგროვოს მტკიცებულებები ადამიანის უფლებათა დარღვევის, რასაც ყოველდღიურად ვხედავთ ივანიშვილის რუსული რეჟიმის მხრიდან და სწორედ ამ მიზნით აპირებენ ისინი შეხვედრას დაკავებულებთან, რომლებიც არიან ხელისუფლების რეპრესიების, წამების და არაადამიანური მოპყრობის სამიზნე”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისია ოპოზიციურ პარტიებს ხვდება.