ივანიშვილს იმედი ჰქონდა, რომ ნიჰილიზმი დაისადგურებდა ახალგაზრდებში და ისინი არ დააკავშირებდნენ ჩვენი ქვეყნის, მათი ევროპული მომავლის მოპარვის საკითხს, მოპარულ არჩევნებთან. მე ძალიან მიხარია, რომ ახალგაზრდებმა დაიბრუნეს ამ პროცესზე გავლენა, რადგან მათ შეუძლიათ საზოგადოების მობილიზაცია, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის ტოტალიტარიზმი, როდესაც განსხვავებული აზრის მოსმენის შესაძლებლობაც კი აღარ არსებობს, იქნება ეს სასამართლოს დარბაზი თუ სალექციო დარბაზი.
“უპირველეს ყოვლისა, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ძალიან მიხარია, როდესაც ვხედავ კვლავ გამოღვიძებულ ახალგაზრდობას, რომელმაც გადამწყვეტი სიტყვა თქვა რუსული კანონის საწინააღმდეგოდ და მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში. ივანიშვილს იმედი ჰქონდა, რომ ნიჰილიზმი დაისადგურებდა ახალგაზრდებში და ისინი არ დააკავშირებდნენ ჩვენი ქვეყნის, მათი ევროპული მომავლის მოპარვის საკითხს, მოპარულ არჩევნებთან. მე ძალიან მიხარია, რომ ახალგაზრდებმა დაიბრუნეს ამ პროცესზე გავლენა, რადგან მათ შეუძლიათ საზოგადოების მობილიზაცია. ივანიშვილს ეშინია განსხვავებული აზრის მოსმენა ყველგან, იქნება ეს სასამართლო, თუ, იქნება ეს უნივერსიტეტი. ეს არის ტოტალიტარიზმი, როდესაც განსხვავებული აზრის მოსმენის შესაძლებლობაც კი აღარ არსებობს, იქნება ეს სასამართლოს დარბაზი თუ სალექციო დარბაზი. ჩვენ, პოლიტიკოსები გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს, ასევე ჩვენს პროტესტს დავაფიქსირებთ ყოველი შესაძლებლობისას, მათ შორის ამგვარ აქციებზე. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების კონსოლიდაცია და საზოგადოების აქტიურობა, მე ვფიქრობ, რომ ამის გაკეთება არავის შეუძლია უკეთ, ვიდრე სტუდენტებს, ახალგაზრდებს, რადგან მათ აქვს ის ენერგია, მუხტი და ბრძოლისუნარიანობა, რაც მათ ბევრჯერ აჩვენეს საზოგადოებას. მე ყოველთვის მწამდა, რომ ახალგაზრდები იქნებოდნენ ამ პროცესის ავანგარდში და ამ მოვლენებმა ეს ნათლად გვიჩვენა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.