ეს არ არის ვიზიტი, რომელიც შეეხება არჩევნების, ან ხელისუფლების ლეგიტიმაციას. მიზანი ქართველი ხალხის მხარდაჭერა და მათი უფლებრივი შეფასებაა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ალენ ბერსეს ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
ბოკუჩავა იმედოვნებს, რომ თავად ბერსეც საჯაროდ განმარტავს საქართველოში ვიზიტის მიზანს.
“ეს არ არის ვიზიტი, რომელიც შეეხება არჩევნების ლეგიტიმაციას, ან ხელისუფლების ლეგიტიმაციას. ეს არის ევროსაბჭო, რომლის წევრი საქართველო არის 25 წელია და ამიტომ, მათთვის მნიშვნელოვანია, შეაფასონ ეს მდგომარეობა, პირადად ნახონ ის უმძიმესი მდგომარეობა, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა გამოიღო.
იმედი მაქვს, რომ ბატონი ბერსეს მხრიდანაც იქნება საჯარო განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზნით არის ეს დელეგაცია საქართველოში ჩამოსული. უპირველესად, მიზანი ქართველი ხალხის მხარდაჭერა და მათი უფლებრივი შეფასება, უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნა და საერთაშორისო დასკვნის დადება არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით, რომელიც წამების ტოლფასად აქვთ შეფასებული”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ოპოზიციური პარტიები ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდნენ და საქართველოში მიმდინარე პროცესები განიხილეს. შეხვედრას “კოალიცია ცვლილებებისთვის” არ დასწრებია.