ეს არჩევნები იქნება განმსაზღვრელი ფაქტორი იმისა, ევროკავშირი გახსნის თუ არა საქართველოსთან მოლაპარაკებებს გაწევრიანებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, 2024 წლის არჩევნები ყველა სხვა არჩევნებისგან ახალი შესაძლებლობებით განსხვავდება და ამ არჩევნების მომავალ შედეგებს პირდაპირ უკავშირებს ევროკავშირის სტატუსს.
“ივანიშვილი კვლავაც ეცდება, რომ მის ხელთ არსებული მანიპულაციის ბერკეტები გამოიყენოს, თუმცა არის რამდენიმე ფაქტორი, რაც განასხვავებს ამ არჩევნებს სხვა არჩევნებისგან. ერთი არის ის, რომ ეს არჩევნები ტარდება პროპორციული სისტემით და შესაბამისად, ის სამაჟორიტარო ფორა ამ არჩევნებზე ხელისუფლებას არ ექნება, რაც ჩემი აზრით, იმედის მომცემი უნდა იყოს თუნდაც სკეპტიკოსებისთვის, რომელთაც უნახავთ, ივანიშვილი წარსულში როგორ იტაცებდა საარჩევნო ხმებს და საარჩევნო შედეგებს.
მეორე ფაქტორია ის, რომ საქართველო ქართველი ხალხის დამსახურებით გახდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა და ეს იმას ნიშნავს, რომ განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იქნება ჩვენი ქვეყანა არჩევნების დროს, იმიტომ, რომ არჩევნებიდან ძალიან მალე ევროკავშირმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება – გახსნის თუ არ გახსნის საქართველოსთან მოლაპარაკებებს გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ეს არჩევნები იქნება განმსაზღვრელი ფაქტორი”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.