“ქართული ოცნება” ზუსტად იმ ცრუ დილემის წინაშე აყენებს საქართველოს მოქალაქეს, რომლის წინაშე საკუთარი მოქალაქეების დაყენებასაც პუტინი ცდილობს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, “ოცნება” კრემლში გაწერილი სცენარით მოქმედებს.
“ეს არის კრემლში კარგად გაწერილი სცენარი, რომელსაც იმეორებენ ივანიშვილის პაიკები გაფუჭებული თოჯინებივით. “ქართული ოცნება” ზუსტად იმ ცრუ დილემის წინაშე აყენებს საქართველოს მოქალაქეს, რომლის წინაშე საკუთარი მოქალაქეების დაყენებასაც პუტინი ცდილობს.
სწორედ ქართველობა ნიშნავს, რომ ჩვენ თავისუფლად შეგვეძლოს გადაადგილება, სწორედ ქართველობა ნიშნავს, რომ ჩვენი ისტორიული არჩევანის რეალიზება მოგვეცეს და ვიყოთ საქართველოს ღირსეული მოქალაქეები, რომლებსაც არა მხოლოდ ევროპაში ჩასვლა შეგვიძლია ვიზების გარეშე, არამედ ევროპული გადაწყვეტილებების ნაწილი ვართ.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ ყოფილიყო მხოლოდ პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილზე, მის ოჯახის წევრებზე და გარემოცვაზე, თუმცა კარგად უნდა გვესმოდეს, რომ უვიზო მიმოსვლის პრივილეგიის მინიჭება მესამე ქვეყნებისთვის – არაწევრი ქვეყნებისთვის ხდება საერთო ღირებულებებიდან და პრინციპებიდან გამომდინარე”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.