როგორც დემოკრატიის ერთადერთი შუქურა ამ ქვეყანაში, ჩვენთვის, მნიშვნელოვანია პრეზიდენტთან ინტენსიური კონსულტაციები იმისთვის, რომ ერთობლივი ძალისხმევით დაიგეგმოს მომავალი რამდენიმე კვირა, როდესაც უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ევროპული მომავალი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიები ინტენსიურ კონსულტაციებს მართავენ სალომე ზურაბიშვილთან.
“პარტიები ვართ ძალიან ინტენსიურ კონსულტაციებში პრეზიდენტთან, რომელიც არის ერთადერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი მაშინ, როცა ყველა სხვა ინსტიტუტი მიტაცებულია. ამის მაგალითი ვნახე სააპელაციო სასამართლოში, შესაბამისად, როგორც დემოკრატიის ერთადერთი შუქურა ამ ქვეყანაში, ჩვენთვის, მნიშვნელოვანია მასთან ინტენსიური კონსულტაციები იმისთვის, რომ ერთობლივი ძალისხმევით დაიგეგმოს მომავალი რამდენიმე კვირა, როდესაც უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ევროპული მომავალი”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ოპოზიციური კოალიციები პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეხვდნენ. შეხვედრა დახურული იყო. როგორც ცნობილია საქმე არჩევნების გამოძიების ჩატარების მოთხოვნას ეხებოდა.