მონიტორინგის კომიტეტის წევრები მუშაობენ რეზოლუციაზე, რომლის თანახმადაც საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
“მონიტორინგის კომიტეტის წევრები გუშინ და დღეს მუშაობენ რეზოლუციაზე, რომელსაც ხვალ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიიღებს საქართველოზე საგანგებო დებატების შედეგად და დიდი ალბათობით, ეს რეზოლუცია გაიმეორებს ძალიან მწვავე ფორმულირებას, რომელიც ვიხილეთ იანვრის სესიაზე, როდესაც უარი უთხრეს ივანიშვილის რეჟიმის წევრებს ასამბლეაზე მუშაობაზე მანამ, სანამ საქართველოში არ ჩატარდება თავისუფალი სამართლიანი ახალი საპარლამენტო არჩევნები და არ გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი.
დიდი ალბათობით, იგივე მოთხოვნები დარჩება ძალაში, რაც ნიშნავს იმას, რომ წულუკიანს და სხვებს, ივანიშვილის რეჟიმის მსახურებს თეორიულადაც კი მხოლოდ ოპოზიციის რანგში შეეძლებათ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნება, რადგან ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები მათი რეჟიმის დამარცხებას მოიტანს და საქართველოს დააბრუნებს ევროპული განვითარების გზაზე”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ