ჩინეთთან ფინანსური და ეკონომიკური ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ პოლიტიკურად დასავლეთის ჩინეთით ჩანაცვლების მცდელობა, უკიდურესად საზიანოა ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავა განაცხადა.
“ჩინეთთან ფინანსური და ეკონომიკური ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ყველას ძალიან კარგად ესმის, მათ შორის თავისუფალ სამყაროში, მაგრამ პოლიტიკურად დასავლეთის ჩანაცვლების მცდელობა კომუნისტური ჩინეთით, რასაც ვხედავთ, მათ შორის ახლა, ამგვარი პოლიტიკური ვიზიტით და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან დაახლოების მცდელობით, არის უკიდურესად საზიანო ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც მიისწრაფვის ევროპისკენ”, – აცხადებს თინა ბოკუჩავა.
“ქართული ოცნების” დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ჩინეთში ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფება.