მე პირადად ვარ ჩართული იმაში, რომ ჩვენმა ფრაქციამ შეიმუშაოს კონკრეტული გეგმა იმ 9 ნაბიჯთან დაკავშირებით, რომელიც საქართველომ უნდა შეიმუშაოს და მათ შორის ეს ხედვა წარუდგინოს პრეზიდენტს, – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, ევრორეკომენდაციების შესრულება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პირობაა.
“ეს არის ევროინტეგრაციის დღის წესრიგი, მე პირადად, ჩართული ვარ იმაში, რომ ჩვენმა ფრაქციამ შეიმუშაოს კონკრეტული გეგმა იმ 9 ნაბიჯთან დაკავშირებით, რომელიც საქართველომ უნდა შეიმუშაოს და მათ შორის ეს ხედვა წარუდგინოს პრეზიდენტს. საქართველოს პრეზიდენტის ეგიდით შეიქმნა ერთგვარი პლატფორმა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების სინთეზს ისახავს მიზნად. კონკრეტულად ახლა, სწორედ იმაზე ვმუშაობთ, თუ რა წინადადებები წარვადგინოთ, რომ შეიქმნას დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრი, მაშინ, როდესაც ივანიშვილის პარტია თავად გვევლინება დეზინფორმაციის მთავარ წყაროდ, ასევე, შეიქმნას ე.წ. ვეტინგის სისტემა, რომელიც არის კეთილსინდისიერების საერთაშორისოდ აპრობირებული ტესტი და სასამართლო გადაწყვეტილებებს უნდა იღებდნენ არა აშშ-ის მიერ სანქცირებული, კორუმპირებული მოსამართლეები, რომლებიც პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებენ, არამედ მათ ნაცვლად გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ კეთილსინდისიერმა, პროფესიონალმა მოსამართლეებმა”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.