კომიკურია, როდესაც ივანიშვილის რეჟიმის მთავარ კომენტატორად საგარეო საკითხებზე გვევლინება ირაკლი ზარქუა, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს საგარეო ურთიერთობებზე, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, “ოცნების” მთელი პროპაგანდა აგებულია სიცრუეზე.
“კომიკურია, როდესაც ივანიშვილის რეჟიმის მთავარ კომენტატორად საგარეო საკითხებზე გვევლინება ირაკლი ზარქუა, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს საგარეო ურთიერთობებზე, არც ამერიკის პოლიტიკაზე, ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე, შიდა პოლიტიკაზე.
მთელი მათი პროპაგანდა აგებულია სიცრუეზე, რომლებიც ცდილობენ, დააჯერონ მოქალაქეებს, რომ შესაძლებელია საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის გადატვირთვა მას შემდეგ, რაც აშშ-ში შეიცვალა ადმინისტრაცია. ისინი ცდილობენ, წარმოაჩინონ რეალობა, თითქოსდა პრეზიდენტი ტრამპის ადმინისტრაცია შეცვლის სასანქციო პოლიტიკას და მოუხსნის სანქციებს ივანიშვილს. ეს არის დიდი სიცრუე”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომ ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში არასოდეს ყოფილა საქართველოს ინტერესების დამცველი.