როგორც ჩანს, კრემლისთვის გორში მოხდილი ბოდიში არ არის საკმარისი და გაცილებით უფრო დიდი ამოცანაა, მარტო ომის დაწყება კი არ უნდა დაჰბრალდეს საქართველოს, არამედ ყველაფერი, – ამის შესახებ “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთი საქართველოს ხელით ცდილობს აგვისტოს ომის ლაქების ჩამორეცხვას.
“ესენი ისეთ ტალღაზე არიან და ისეთი ტემპი აქვთ აკრეფილი, რომ ომის წამოწყების საკითხი უკვე ერთგვარი წარსულის კუთვნილებაა მათთვის. როგორც ჩანს, კრემლისთვის გორში მოხდილი ბოდიში არ არის საკმარისი და გაცილებით უფრო დიდი ამოცანაა, მარტო ომის დაწყება კი არ უნდა დაჰბრალდეს საქართველოს, არამედ ყველაფერი – ძალადობა, ეთნიკური წმენდა, ტრაგედია, რომელიც ასეულობით ქართული ოჯახის ცხოვრების ყოველდღიურობა გახდა აგვისტოს ომის შემდეგ. როგორც ჩანს, დავალება, რომელიც ივანიშვილმა და მისი სახით თეა წულუკიანმა მიიღეს არის ის, რომ ყველაფერი უნდა დაჰბრალდეს ქართულ მხარეს და ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ ქართველებს, ქართველ ჯარისკაცებს, ქართველ გენერლებს, ქართულ პოლიტიკურ მაშინდელ ხელისუფლებას იმისათვის, რომ რუსეთმა ჩამოირეცხოს ის უდიდესი ტრაგედია და რუსეთი ივანიშვილის ხელით, ქართველებისავე ხელით თუ მოახერხებს აგვისტოს ომის ლაქების ჩამორეცხვას, რატომაც არა.
მე ვფიქრობ, რომ მინიმუმ, ეს არის პროპაგანდისტული და რაღაც შედეგის მიღწევაც სურთ ამით”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.