“მინდა გამოვეხმაურო იმ ფაქტს, რომელსაც ადგილი ჰქონდა პლენარული სხდომის დროს, როდესაც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ უკიდურესად ამორალური, უხამსი სიძულვილის ენა გამოიყენა ქალი ოპოზიციონერი დეპუტატის წინააღმდეგ“, – განაცხადა ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარემ თინათინ ბოკუჩავამ.
მისივე შეფასებით, ამგვარ თავდასხმას უკვე სისტემატური ხასიათი აქვს, როდესაც „ქართული ოცნების“ მამაკაცი დეპუტატები ძალადობას, სიძულვილის ენას არ ერიდებიან ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მიმართ.
“ეს პარლამენტისთვის უდიდესი სირცხვილია და ამგვარი ამორალობა არ უნახავს საქართველოს პარლამენტს “ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც კი. სამარცხვინოა და მეტიც, ეს არის დანაშაულის წახალისება ქვეყანაში, სადაც ქალთა მიმართ ძალადობა ძალიან სერიოზული პრობლემაა. ბატონო შალვა, თქვენი ფიზიკური ძალადობა, ისევე როგორც ირაკლი ბერაიას სიძულვილის ენა, ისევე როგორც ლევან მგალობლიშვილის ძალადობა, ეს არის პირდაპირი წახალისება ქალთა წინააღმდეგ ძალადობის. იმის ნაცვლად, რომ საქართველოს პარლამენტი თავისი კანონშემოქმედებითი საქმიანობით ამ პრობლემას აგვარებდეს, თქვენ აღრმავებთ ამ პრობლემას თქვენი რიტორიკით, თქვენი საქციელით, თქვენი ქმედებით. იმით, რომ თვალს ხუჭავთ და თანაზიარნი ხდებით იმის რაც ჩვენ მოვისმინეთ ბატონი ბერაიას მხრიდან“, – განაცხადა ბოკუჩავამ.