დღეიდან უკვე ჯანმრთელობის მდგომარეობას მივხედავთ და შემდეგ უკვე გავაგრძელებთ ორმაგად და ათმაგად იმისთვის ბრძოლას, რომ ჩემმა ძმამ თავისი უდანაშაულობა დაამტკიცოს, – ამის შესახებ “ფორმულას” ეთერში დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ თორნიკე მამალაძემ განაცხადა.
რაც შეეხება გათავისუფლებას, თორნიკე მამალაძის თქმით, გადაწყვეტილება უდოს კომისიამ მიიღო, სადაც განცხადება გასული წლის ნოემბერში ჰქონდათ გაგზავნილი.
“როგორც ვიცი, ჩვენ უდოსთან განცხადება გვქონდა გაგზავნილი წინა წლის ნოემბერში და აქაც უპრეცედენტო ფაქტი დაფიქსირდა. უდოს კომისიას არასდროს ვადა არ უთხოვია, ან პირდაპირ უარს ამბობს, ან პირდაპირ დადებით პასუხს ამბობს, მაგრამ ჩემი ძმის შემთხვევაში, 3-თვიანი ვადა ითხოვა კომისიამ გადაწყვეტილების მისაღებად და ეს 3 თვე 19 თებერვალს იწურებოდა და დღეს უკვე იმავე კომისიამ ჩემი ძმა გაათავისუფლა უდოს გადაწყვეტილებით, მაგრამ აქ მთავარი ისაა, რომ ამ 7 წლიდან 5 წლის განმავლობაში ის საწოლს არის მიჯაჭვული და არცერთმა იმ ორგანომ, ვისაც ეს ეხებოდა, რომ ჩემი ძმის მკურნალობა მომხდარიყო ან ოჯახს შეგვძლებოდა მისი მკურნალობა. ჩვენ ვითხოვდით სასჯელის გადავადებასაც კი, რადგან ჩემი ძმა ფეხზე დამდგარიყო და ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესებულიყო, მაგრამ არავინ ყურად არ იღო.
მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ არცერთ შემთხვევაში, ჩვენ ბრძოლა არ გაგვიჩერებია, არ გავაჩერებთ. ჩემი ძმა არის უდანაშაულო. დღეიდან უკვე ჯანმრთელობის მდგომარეობას მივხედავთ და შემდეგ უკვე გავაგრძელებთ ორმაგად და ათმაგად იმისთვის ბრძოლას, რომ ჩემმა ძმამ თავისი უდანაშაულობა დაამტკიცოს. ის, რომ სასამართლოები დახურული იყო და საზოგადოებას არანაირი ინფორმაცია არ მიეწოდებოდა, ჩვენ შევეცდებით საზოგადოებას და დაინტერესებულ პირებს ის მაქსიმალური ინფორმაცია, რასაც ამ საქმეში ტაბუ ადევს, ცნობილი გახდეს”, – აცხადებს მამალაძე.
დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. ციანიდის საქმეზე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მას 9 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.