ზაჰესის იზოლატორში მოვინახულეთ ლაშა ჯიოშვილი. ხალხმა, ხმაურმა, მედიამ, სწრაფმა რეაგირებამ გადაგვარჩინა, რომ ის არ არის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, – ამის შესახებ „ტვ პირველის“ დაკავებული ოპერატორის ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი წერს.
მისივე თქმით, ის პირველივე წუთებიდან გადაყვანილი იყო მუხიანის სამმართველოში.
“ზაჰესის იზოლატორში მოვინახულეთ ლაშა ჯიოშვილი. ხალხმა, ხმაურმა, მედიამ, სწრაფმა რეაგირებამ გადაგვარჩინა, რომ ის არ არის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი! უფლებები არ გააცნეს. სამმართველოში მიყვანამდე არ იცოდა რატომ იყო დაკავებული და ვის მიერ. არ დაარეკინეს ადვოკატთან ან/და ოჯახთან. მოსთხოვეს ტელეფონის გახსნა. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დააფიქსირა ოქმში, რომ სამართალდამცველების მიერ ლაშას მისამართით იყო მუქარა. დაკავებისას არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო, მარცხენა ხელზე აქვს სისხლჩაქცევა.
პირველივე წუთებიდან გადაყვანილი იყო მუხიანის სამმართველოში და ჩვენ მიერ არაერთი ზარის მიუხედავად გვატყუებდნენ, რომ დაკავებული იქ არ იმყოფებოდა. პარალელურად, ლაშას ესმოდა ჩვენი ზარები“, – წერს თორნიკე მიგინეიშვილი.
შსს-ს ინფორმაციით, “ტვ პირველის” ახალი ამბების ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით დააკავეს.