spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“თუ ამ საზიანო კანონპროექტს არ გაიწვევენ, შევუერთდებით სენატში ჩვენს კოლეგებს საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკის ფუნდამენტური გადახედვის ინიციატივაში”

29 კონგრესმენი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ერთობლივი წერილით მიმართავს და მოუწოდებს, ხელისუფლებამ გაიწვიოს საზიანო კანონპროექტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკის ფუნდამენტური გადახედვის ინიციატივას შეუერთდებიან.

 

“გწერთ, რათა გამოვხატოთ ჩვენი ღრმა შეშფოთება „უცხოური აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც თქვენმა მთავრობამ ხელახლა დააბრუნა ერთი წლის შემდეგ, რაც  სამართლიანად ამოიღო იგი განხილვიდან. ეს კანონპროექტი სიღრმისეულად ეწინააღმდეგება მთავრობის გამოცხადებულ სურვილს შემდგომი ინტეგრირების მიმართ ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში და აშშ-საქართველოს 2009 წლის სტრატეგიული პარტნიორობის წესდების სულისკვეთებას, რომელსაც ჩვენმა ორმა ქვეყანამ ხელი მოაწერა თქვენს ქვეყანაში რუსული ძალების შემოჭრიდან რამდენიმე თვეში. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ თქვენს მთავრობას, კიდევ ერთხელ გაიტანოს ეს საზიანო კანონპროექტი და კიდევ ერთხელ დაადასტუროს საქართველოს ვალდებულება, გააფართოოს დემოკრატია და ეკონომიკური თავისუფლება, დაიცვას უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა, გააძლიეროს კანონის უზენაესობა და პატივი სცეს წესდებით გათვალისწინებულ ადამიანის უფლებების დაცვას.

 

“უცხოური აგენტების“ კანონის რეალური საბაბი არის ის, რომ დაამყაროთ კონტროლი პარტნიორებზე, რომლებიც ათწლეულების მანძილზე მუშაობდნენ ქართველი ხალხის გვერდით მათი ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად. მარტივად რომ ვთქვათ, კანონის მიღება ძირს უთხრის ქართველი ხალხის ნებას, როლიც მომავალს დასავლეთში ეძებს. ჩვენ ვეწინააღმდეგებით მოსაზრებას, რომ ეს კანონპროექტი აშშ-ის კანონმდებლობაზეა დაფუძნებული, ამის ნაცვლად, თქვენს ყურადღებას მივაპყრობთ ვლადიმერ პუტინის მიერ 2012 წელს შემოთავაზებულ “უცხოური აგენტების“ კანონის მსგავსებაზე, რომელიც ასევე გამჭვირვალობის მიზნით იყო მიღებული. როგორც იცით, ამ კანონს ვლადიმერ პუტინი და მისი ავაზაკები იყენებენ ოპოზიციის გასაქრობად, რამაც დაასრულა რუსეთის დაღმასვლა საბჭოთა სტილის ავტორიტარიზმში. ჩვენ გვჯერა, რომ ქართველ ხალხს უფრო დემოკრატიული მომავალი სურთ და ისინი ამას იმსახურებენ. ამ კანონის მიღება იქნება რუსული მავნე გავლენის გაფართოება საქართველოში.

 

ღრმად შემაშფოთებელია რიტორიკა ამ კანონპროექტის ირგვლივ. 29 აპრილს, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და “ქართული ოცნების“ ამჟამინდელი საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ “დასჯის“ ოპოზიციას ხელისუფლებაში და ოპოზიციაში ყოფნისას მათ მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების გამო. ბატონმა ივანიშვილმა გამოსვლაში ასევე ახსენა, რომ შეერთებული შტატები და ჩვენი პარტნიორები ევროპაში ცდილობდნენ, ძირი გამოუთხარონ საქართველოს სუვერენიტეტს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მტკიცედ ვუჭერდით მხარს თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტს თქვენი დამოუკიდებლობის მომენტიდან, მათ შორის 16 წლის შემდეგ, რაც რუსეთი პირდაპირ შემოიჭრა და დაიპყრო თქვენი ქვეყნის ნაწილები 2008 წელს. ჩვენ ვგმობთ ბატონი ივანიშვილის ამ შეურაცხმყოფელ და სასტიკ განცხადებებს.

 

ჩვენი შეშფოთება მხოლოდ გაძლიერდა კანონპროექტის ხელახალი შემოტანის წინააღმდეგ მშვიდობიან საპროტესტო აქციებზე თქვენი მთავრობის პასუხის გამო. ჩვენ გვაქვს ცნობები ათობით მომიტინგეზე, მათ შორის ამერიკელ მოქალაქეებზე, რომლებიც ქუჩიდან გაიტაცეს და რომლებიც პოლიციელებმა სცემეს. გასულ კვირას ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, რომელიც ასევე თქვენი პარლამენტის მოქმედი წევრია, თბილისის ქუჩებში ხელისუფლების სპეცრაზმმა სცემა. საინტერესოა, რომ რუსეთის პროპაგანდისტმა და ფაშისტურმა იდეოლოგმა, ალექსანდრე დუგინმა განაცხადა, რომ საქართველო სწორ მიმართულებაზეა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მხარს უჭერს კანონს. ის, რომ თქვენმა ქმედებებმა გამოიწვია თქვენი ქვეყნის ახლო პარტნიორების მხრიდან დაგმობა და იმ ქვეყნისგან შექება, რომელსაც თქვენი სუვერენული ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, უნდა იყოს ნათელი ინდიკატორი, რომ თქვენ საქართველოს არასწორ გზაზე აყენებთ.

 

სიტუაცია საქართველოში ნათელია. მთავრობას შეუძლია, აირჩიოს, რომ მოუსმინოს ქართველი ხალხის ხმას ან გააგრძელოს ბნელი გზა რუსეთის სტილის ავტორიტარიზმისკენ. ეჭვგარეშე ვაცხადებთ, რომ ამ გზის არჩევა გამოიწვევს შეერთებული შტატების მხრიდან ჩვენი ურთიერთობის ხასიათის ძირეულ გადაფასებას. ისევე, როგორც კონგრესმა გაითვალისწინა ავტორიტარული მოქმედება ბელარუსში და 2004-ში ორპარტიულად მიიღო ბელარუსის დემოკრატიის აქტი, ჩვენ მზად ვართ, ვუპასუხოთ შემდგომ თავდასხმებს საქართველოს აყვავებულ, ევროატლანტიკურ მომავალზე, რომელსაც ის იმსახურებს. აქედან გამომდინარე, მოგიწოდებთ, გაიწვიოთ ეს კანონპროექტი და სხვა ზომები, რომლებიც ხელს უშლის ქართველი ხალხის უფლებებსა და თავისუფლებებს, რის შემდეგაც მოხარული ვიქნებით, გავმართოთ პირდაპირი მოლაპარაკებები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისა და გააქტიურების მიზნით.

 

თუ ამ საზიანო კანონპროექტს არ გაიწვევენ, შევუერთდებით სენატში ჩვენს კოლეგებს საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკის ფუნდამენტური გადახედვის ინიციატივაში, მათ შორის აშშ-ის ფინანსური დახმარების გადახედვის, სავიზო და ფინანსური სანქციების ჩათვლით იმ ადამიანებზე, ვისაც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება“, – აღნიშნულია კონგრესმენების წერილში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები