რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში 36 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით 4 ადამიანი მოკლა, ერთი კი დაჭრილია.
თვითმხილველები Front News-თან აცხადებენ, რომ მკვლელი ერთ-ერთი გარდაცვლილის ნათესავია და მომხდარი სავარაუდოდ, ვალს უკავშირდება, თუმცა დადასტურებით რამის თქმა უჭირთ.
ბაზრის თანამშრომლების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი დილით შევიდა ბაზარში, კერძოდ ბიძასთან, რომელიც ხორცპროდუქტებით ვაჭრობდა, მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. შელაპარაკების შემდეგ ბრალდებულმა მამაკაცმა ადგილი დატოვა და უკან დაბრუნებისას უკვე ცეცხლსასროლი იარაღით კვლავ იმ ადგილას შევარდა და ადგილზე 4 მამაკაცი მოკლა, ერთი კი დაჭრა.
ასევე ცნობილია, რომ ერთ-ერთი ტაქსის მძღოლია, რომელმაც ის ბაზრამდე მიიყვანა. მისი მკვლელობის მიზეზად კი აცხადებენ, რომ მამაკაცმა მკვლელობაში ხელის შეშლა სცადა, რა დროსაც სავარაუდო დამნაშავემ მასაც ესროლა.
“ხმა გავიგონე სროლის, 4 გასროლა იყო. რა გახდა მკვლელობის მოტივი არ ვიცი, შიშისგან დავიმალე. ხალხი გამორბოდა და გვიყვიროდა – დაიმალეთ, სროლააო. იქვე სხვა თანამშრომელიც ცუდად გახდა, გადაიყვანეს საავადმყოფოში. ადგილზე მალევე პოლიცია მოვიდა. როგორც ვიცი, გრძელი თოფი იყო, სავარაუდოდ, “ვინჩესტერი”, – აცხადებს ერთ-ერთი თანამშრომელი Front News-თან.
“არ ვიცი რა გახდა მოტივი, ახლა დაკითხვაზე ჰყავთ სხვა ბიჭები წაყვანილი. ჩემი ძმაც აქ მუშაობდა, ის გადარჩა.
გამოვდიოდი და უცებ სროლა ატყდა. ორი მეხორცე გამორბოდა. შიშისგან მეც უკან გავბრუნდი. 4 ადამიანი, ხორცპროდუქტების გამყიდველია მოკლული. არ ვიცი რა იარაღითაა მოკლული ზუსტად, არც მიზეზი ვიცი. ის ვიცი, რომ მკვლელი მოკლულის ნათესავია“, – აცხადებენ თვითმხილველები.
მათივე ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე ბაზრის ძველი თანამშრომელი იყო. ის უკვე დაკავებულია.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.