აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთთან მასზე მკაცრი არავინ ყოფილა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრემლის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტები შეაჩერა.
ამის შესახებ მან Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტმა ჰკითხა ტრამპს, უნდოდა თუ არა რაიმე ეთქვა იმ კრიტიკოსებისთვის, რომლებიც აცხადებენ, რომ მან აირჩია მხარე უკრაინასა და რუსეთს შორის ომში და რომ ეს მხარე არის რუსეთი. მან გაიხსენა, რომ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მანამდე დიქტატორს უწოდებდა და მასთან კონფლიქტი ჰქონდა.
“არავინ ყოფილა რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი, ვიდრე დონალდ ტრამპი. არავინ. და მათ ეს იციან. უბრალოდ შეხედეთ იმას, რაზეც ახლახან გითხარით. მილსადენი. მე გავაჩერე. ეს არის ყველაზე დიდი პროექტი, რაც მათ ოდესმე გააკეთეს – Nord Stream 2 მილსადენი. ჩემს მოსვლამდე არავის სმენია ამის შესახებ”, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა განმარტა, რომ რუსეთი აშენებდა მილსადენს გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების განზრახვით და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწორედ მან შეაჩერა პროექტი. მისივე თქმით, ეს იყო ყველაზე დიდი ეკონომიკური გარიგება რაც კი რუსეთს ოდესმე ჰქონია და ის იყო დაბრკოლება მის განხორციელებაში.
ტრამპის თქმით, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ის აღადგინა.
“ბაიდენი შემოვიდა, მეორე დღეს მან დაამტკიცა. ყველაფერი მთლიანად შეჩერებული იყო. არა, მკაცრი ვიყავი, მაგრამ ამავე დროს ვიპოვე საერთო ენა პუტინთან“, – აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ მან შეძლო ჩრდილოეთ კორეის დიქტატორ კიმ ჩენ ინთან და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ურთიერთგაგების დამყარება, მაგრამ მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ არავინ ყოფილა ისეთი მკაცრი ჩინეთის მიმართ, როგორც თვითონ.