შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებებში მონაწილეობა შეწყვიტოს, თუ ერთ-ერთი მხარე ხელს შეუშლის მშვიდობას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ტრამპს სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებაზე, რომ აშშ გავა უკრაინის შესახებ მოლაპარაკებების პროცესიდან, თუ უახლოეს დღეებში არ იქნება ნიშნები, რომ კიევსა და მოსკოვს შორის შეთანხმება შესაძლებელია უახლოეს კვირებში.
“ზუსტი ვადები არ არსებობს, მაგრამ ჩვენ გვსურს ამის გაკეთება სწრაფად. ჩვენ ვსაუბრობთ სიცოცხლეზე. ხალხი იღუპება”, – აღნიშნა ტრამპმა საპასუხოდ.
მისი თქმით, სასტიკ ბრძოლაში ყოველ კვირას 2500 ადამიანი იღუპება.
“თუ რომელიმე მხარე რაიმე მიზეზით სერიოზულ დაბრკოლებებს შეუქმნის, ჩვენ უბრალოდ ვიტყვით: “სულელები ხართ, საშინელი ხალხი ხართ” და ყველაფერს მივატოვებთ, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ საქმე აქამდე არ მივა. მარკო (სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო) მართალია, როდესაც ამბობს, რომ გვინდა ეს დასრულდეს”, – განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, ყოველდღიურად ბევრი ადამიანი იღუპება, სანამ “ვიღაც თამაშს აგრძელებს“.