შეერთებული შტატები უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს არ მისცემს, ეს ევროპამ უნდა გააკეთოს, რადგან ეს მის ინტერესებშია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა.
“მე არ მივცემ უსაფრთხოების გარანტიებს, ნება მიეცით ეს ევროპამ გააკეთოს. ეს მათ ინტერესებშია, მათი მეზობელია”, – განაცხადა ტრამპმა.
ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები შეეცდება, რომ “ყველაფერი ისე წავიდეს, როგორც უნდა“. ტრამპმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს კიევის პარტნიორობას, რადგან უკრაინას აქვს მრავალი იშვიათი ლითონი, რომელიც მნიშვნელოვანია ამერიკისთვის.
“ეს გარიგება დიდ სიმდიდრეს მოგვიტანს და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერს მოვაგვარებთ. მე ამას ვაკეთებ ორი მიზეზის გამო – რათა შევაჩერო სიკვდილი (უკრაინის ომში) და არ მინდა მეტი ფულის დახარჯვა”, – განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, აშშ აპირებს დახარჯული თანხის დაბრუნებას და კიდევ უფრო მეტის მიღებას. მან აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ სურთ უკრაინასთან თანამშრომლობა.
“ჩვენ ჩვენსას დავიბრუნებთ, ზელენსკი ჩამოვა, ეს უკრაინისთვისაც კარგი გარიგებაა. ამ გზით ისინი ასევე ავტომატურად იღებენ უსაფრთხოების გარკვეულ გარანტიებს, რადგან ჩვენ იქ ვიქნებით და ევროპა ყველაფერს ყურადღებით დააკვირდება. ბრიტანეთმა და საფრანგეთმა განაცხადეს, რომ მათ სურთ იქ სამშვიდობო ძალების გაგზავნა. ვფიქრობ, ეს კარგია“, – განაცხადა ტრამპმა.