აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის დასრულებისთვის სამშვიდობო შეთანხმების გზა ძალიან გაურკვეველია. ვაშინგტონი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შემდგომ ნაბიჯებს ელოდება, – ამის შესახებ NBC News წერს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ კამათის შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ასევე განიხილეს შეაჩერონ თუ არა აშშ-ის სამხედრო დახმარება. ორი ოფიციალური პირი აცხადებს, რომ გაურკვეველი რჩება, გადადგამს თუ არა ტრამპი ასეთ ნაბიჯს.
NBC News-ის წყაროები ამტკიცებენ, რომ კამათი თეთრ სახლში არ იყო დაგეგმილი და იყო “სრული საპირისპირო, რასაც ხალხის უმეტესობა მოელოდა შეხვედრისგან”.
წყაროების ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია უკმაყოფილო იყო წიაღისეულის შეთანხმებაში “უსაფრთხოების გარანტიების” დაჟინებით და უკრაინული მხარე თითქოს დაჟინებით მოითხოვდა შეხვედრის წინ დოკუმენტში შესაბამისი ცვლილებების შეტანას.
“ზელენსკისთვის აბსოლუტურად ნათელი იყო, რომ ეს შეთანხმება არ მოიცავდა უსაფრთხოების გარანტიებს“, – აღნიშნა გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ტრამპსა და ზელენსკის შორის თანამშრომლობა “სამშვიდობო შეთანხმების” მისაღწევად, NBC News-ის ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ აღნიშნა: “მე მაინც ვფიქრობ, რომ დიახ”.
“ბურთი პრეზიდენტ ზელენსკის მოედანზეა. პრეზიდენტი თვლის, რომ ზელენსკი უნდა დაბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და ის უნდა მოვიდეს და მოაგვაროს ყველაფერი”, – განაცხადა თანამოსაუბრემ.