უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში (შვეიცარია) მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. მან განმარტა, თუ რატომ სჭირდება უკრაინას უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები და ასევე ისაუბრა უკრაინის სტრატეგიაზე მშვიდობის გზაზე და აშშ-ის ახალ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ურთიერთობაში.
ზელენსკიმ ფორუმზე გამოსვლა ევროპის მომავალზე საუბრით დაიწყო. მისივე თქმით, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ყველა ელოდება, რას მოიმოქმედებს ის, მაგრამ აშშ-ში არავის აწუხებს, რომ ევროპამ შესაძლოა, ერთ დღეს შეწყვიტოს მოკავშირეობა.
“ვაშინგტონს არ სჯერა, რომ ევროპას შეუძლია მათთვის რაიმე მნიშვნელოვანის მოტანა“, – განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ გასულ წელს სინგაპურში გამართულ “შანგრი-ლას დიალოგის” სამიტზე, ამერიკულმა დელეგაციამ იგი პრიორიტეტების სიაში მხოლოდ მესამე ადგილზე დააყენა ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის, ახლო აღმოსავლეთისა და სპარსეთის ყურის შემდეგ.
როგორც მან აღნიშნა, ამჟამად არ არის დარწმუნებული, რომ ტრამპი ნატოს საჭიროდ მიიჩნევს და პატივს სცემს ევროკავშირის ინსტიტუტებს, მაგრამ ევროპა ვერ დადგება მოკავშირეების რიგში. და თუ ეს მოხდება და მსოფლიო მის გარეშე დაიწყებს წინსვლას, მაშინ ასეთი სამყარო ევროპელებისთვის კომფორტული არ იქნება.
“ჩვენ ვართ სხვა შემობრუნების მომენტში, რომელსაც ზოგი ევროპის პრობლემად ხედავს, ზოგი კი – შესაძლებლობად. ევროპა უნდა ჩამოყალიბდეს, როგორც ძლიერი გლობალური მოთამაშე, როგორც შეუცვლელი მოთამაშე”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
რაც შეეხება სამხედრო საფრთხეს, ზელენსკის თქმით, ევროპასთან შედარებით მცირე ეკონომიკური პოტენციალის მიუხედავად, რუსეთის ფედერაცია უკვე რამდენჯერმე მეტ იარაღსა და აღჭურვილობას აწარმოებს.
“ეს არის ომის გზა, რომელსაც მოსკოვი ირჩევს. პუტინმა ხელი მოაწერა ახალ სტრატეგიულ შეთანხმებას ირანთან. მას უკვე აქვს ყოვლისმომცველი შეთანხმება ჩრდილოეთ კორეასთან. ვის წინააღმდეგ აკეთებენ ასეთ გარიგებებს? თქვენ წინააღმდეგ, ყველა ჩვენგანის წინააღმდეგ. ევროპის წინააღმდეგ, ამერიკის წინააღმდეგ”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ასეთ საფრთხეებთან დაპირისპირება მხოლოდ უკრაინასთან ერთად არის შესაძლებელი, რადგან როცა საუბარია ჯარების რაოდენობაზე, რუსეთს შეუძლია 1,5 მილიონი ჯარისკაცის გამოყვანა, ხოლო უკრაინის შეიარაღებული ძალები 800 000-ზე მეტ ადამიანს ითვლის.
“საფრანგეთი მეორე ადგილზეა 200 000-ზე მეტით. შემდეგ გერმანია, იტალია და დიდი ბრიტანეთი. სხვა ყველას ნაკლები ჰყავს. ეს არ არის სიტუაცია, როდესაც ერთ ქვეყანას შეუძლია დაიცვას თავი მარტო. ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ”, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკი დაჟინებით საუბრობს საერთო ევროპული უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის აუცილებლობაზე, რომელშიც ყველა ქვეყანა დახარჯავს მასზე იმდენს, რამდენიც საჭიროა. “თუ თავდაცვის ხარჯების დასაფარად მშპ-ს 5% არის საჭირო, მაშინ 5% უნდა იყოს“, – აღნიშნა მან.
მაგალითად, მან მოიყვანა თანამშრომლობის მოდელები უკრაინის თავდაცვისთვის.
“ჩვენ ერთად ვქმნით დრონებს, ერთად ვაწარმოებთ არტილერიას – და უკრაინაში ეს ბევრად იაფი და სწრაფია, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. და ახლა ინვესტიცია უკრაინული დრონების წარმოებაში ნიშნავს ინვესტიციას არა მხოლოდ ევროპის უსაფრთხოებაში, არამედ ევროპის შესაძლებლობებშიც ვიყოთ უსაფრთხოების გარანტი სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის რეგიონებისთვის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ევროპას სჭირდება რკინის გუმბათის საკუთარი ვერსიას და უკრაინასთან ერთად შესაძლებელია საჰაერო თავდაცვის ისეთი სისტემების შექმნა, რომლებიც გაუმკლავდებიან ყველა ტიპის ფრთოსან და ბალისტიკურ რაკეტებს.
“ჩვენ არ შეგვიძლია დავეყრდნოთ რამდენიმე დედაქალაქის კეთილგანწყობას, როდესაც საქმე ეხება ევროპის უსაფრთხოებას – იქნება ეს ვაშინგტონი, ბერლინი, პარიზი, ლონდონი, რომი თუ – პუტინის შემდეგ – მოსკოვში რომელიმე წარმოსახვითი დემოკრატი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, როდესაც ომისა და მშვიდობის შესახებ შეთანხმებები დაიდება, მოლაპარაკების მაგიდასთან ევროპის ადგილი უნდა იყოს.
”მე აქ არ ვსაუბრობ მხოლოდ უკრაინაზე, ეს უნდა გახდეს სტანდარტი. ევროპა იმსახურებს იყოს უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ დამკვირვებელი, როდესაც მისი ლიდერები შეთანხმების გაფორმების შემდეგ X-ზე პოსტის განთავსებით შემოიფარგლებიან. ევროპამ უნდა განსაზღვროს ამ შეთანხმებების პირობები”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, მთავარი სტრატეგია მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე დიპლომატიაზე გადასვლაა, მაგრამ საკითხავია როგორი იქნება ის.
“თუ დიპლომატია ძლიერია და მოლაპარაკებების ამა თუ იმ ფორმატის შემდეგ უკრაინას ექნება უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები, რაც შეუძლებელს გახდის პუტინს ომით დაბრუნებას, მაშინ ეს იქნება მუდმივი, სამართლიანი, ძლიერი მშვიდობა უკრაინისთვის, ევროპისთვის და ამერიკისთვის, მაგრამ თუ გარანტიები სუსტია და მხოლოდ სიტყვებია, მაშინ რუსეთიდანაც მხოლოდ სიტყვებს მივიღებთ და ისევ ომით დაბრუნდებიან”, – განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, თუ გარანტიები ძლიერი არ იქნება, ამ შემთხვევაში პუტინი დაბრუნდება, რათა სრულად დაიკავოს ყველა ის ქვეყანა, რომელიც მანამდე სსრკ-ს შემადგენლობაში შედიოდა, შემდეგ კი დაიწყებს ულტიმატუმების დაყენებას გარკვეული ქვეყნების მიმართ – გასვლა ნატოდან და ა.შ.
“ის ყველას დაგვიბრუნებს თავის სამყაროში, რომელიც მის თავში ცხოვრობს. ასე მოხდება, თუ არ იქნება უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები”, – აღნიშნა მან.
ზელენსკის თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც პუტინი დასვამს, არის უკრაინის არმიის რამდენჯერმე შემცირება.
”ეს აბსოლუტურად გასაგებია. თუ ჩვენ შევძელით 800-ათასიანი არმიის შექმნა, მაშინ ცხადია, რომ ჩვენ, პლუს ევროპა, ვართ არმია, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ თავის დაცვა, არამედ შეუძლია პუტინის წინააღმდეგ ბრძოლა. მას ეს ესმის.
ამის გაკეთების ყველაზე სწრაფი გზა არის აშშ-ზე ზეწოლა, რათა უკრაინა ნატოში არ იყოს მიღებული. და მოახდინოს ზეწოლა დანარჩენ მოკავშირეებზე, რათა მოსთხოვონ უკრაინას ჯარის ხუთჯერ შემცირება. ეს არის ის, რაც მას სურს. ჩვენ არ დავუშვებთ ამას, მაგრამ ის ეცდება”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, ტრამპთან ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგია არის იმ ხმების გაქრობა, რომელიც მას პრორუსულ პოზიციას აწვდის, რათა მის ირგვლივ მეტი ხმა იყოს ევროპიდან, რათა მან ნათლად გააცნობიეროს ის დეტალები და რისკები, რომლებიც მომავალში შეიძლება წარმოიშვას.
“ტრამპმა მითხრა და საჯაროდ ისაუბრა ამაზე, რომ ის ყველაფერს გააკეთებს, რათა ომი ამ წელს დასრულდეს. მე ვუთხარი, რომ ჩვენ თქვენი პარტნიორი ვართ. ეს ომი ჩვენია, ყველა მტკივნეული ადგილი ვიცით, ხალხი დავკარგეთ. ჩვენ გვინდა ომის დასრულება წელს, მაგრამ არა მხოლოდ სწრაფად, არამედ პირველ რიგში ჩვენთვის სამართლიანად და საიმედოდ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
დავოსის ფორუმი 20-დან 24 იანვრამდე იმართება.