აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკმაყოფილოა, რომ ომის დროს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები არ ტარდება. ამერიკის ლიდერმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უწოდა “დიქტატორი არჩევნების გარეშე”.
”უბრალოდ დაფიქრდით, თავმდაბალმა წარმატებულმა კომიკოსმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაარწმუნა ამერიკის შეერთებული შტატები დახარჯონ 350 მილიარდი დოლარი ომზე, რომელსაც ვერ მოიგებს, რომელიც არასოდეს უნდა დაწყებულიყო და რომელსაც ის, შეერთებული შტატებისა და “ტრამპის“ გარეშე ვერასოდეს მოაგვარებს“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
ამერიკელი ლიდერი აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა, თითქოს, 200 მილიარდი დოლარი მეტი დახარჯა უკრაინის დახმარებაზე, ვიდრე ევროპამ და ევროპის ფულს “გარანტიები იცავდა” და აშშ კი “უკან ვერაფერს დაიბრუნებს”.
ტრამპის თქმით, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ „ევროპისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია“, ვიდრე შეერთებული შტატებისთვის, ვინაიდან ამერიკისა და რუსეთის ტერიტორიას ოკეანე ყოფს.
“ამის გარდა, ზელენსკი აღიარებს, რომ ჩვენ მიერ გამოგზავნილი თანხის ნახევარი “გაქრა“. ის უარს ამბობს არჩევნებში მონაწილეობაზე, უკრაინის გამოკითხვებში ძალიან დაბალი ადგილი უკავია და ერთადერთი, რასაც კარგად აკეთებს, არის თამაში ბაიდენთან (აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი). დიქტატორმა არჩევნების გარეშე, ზელენსკიმ სწრაფად უნდა იმოქმედოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ქვეყანა აღარ დარჩება“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
ტრამპი მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატები უკვე წარმატებით აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსეთთან ომის დასასრულებლად, მაშინ როცა “ბაიდენს არასოდეს უცდია და ევროპამ ვერ მიაღწია მშვიდობას“.
“მე მიყვარს უკრაინა, მაგრამ ზელენსკიმ საშინელი სამუშაო შეასრულა, მისი ქვეყანა განადგურებულია და მილიონობით ადამიანი დაიღუპა უაზროდ – და ეს გრძელდება”, – აღნიშნავს ტრამპი.