აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბრძანებით, ქვეყნის შინაგან საქმეთა დეპარტამენტმა მექსიკის ყურეს სახელი ოფიციალურად შეუცვალა და ამერიკის ყურე დაარქვა.
“პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, მექსიკის ყურე ოფიციალურად იქნება ცნობილი, როგორც ამერიკის ყურე და ჩრდილოეთ ამერიკის უმაღლეს მწვერვალს ექნება სახელი მაკკინლის მთა. ეს ცვლილებები კიდევ ერთხელ ადასტურებს ერის ვალდებულებას, შეინარჩუნოს შეერთებული შტატების არაჩვეულებრივი მემკვიდრეობა“, – აღნიშნულია აშშ-ის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის განცხადებაში.
ტრამპმა რამდენჯერმე ისაუბრა მექსიკის ყურისთვის ამერიკის ყურის დარქმევის შესახებ, მათ შორის, ინაუგურაციის დღეს. იმავე დღეს შესაბამის აღმასრულებელ ბრძანებასაც მოაწერა ხელი.
მექსიკის პრეზიდენტი კლაუდია შეინბაუმი ტრამპის მიერ მექსიკის ყურისთვის ამერიკის ყურის სახელის დარქმევის ბრძანებას მაშინვე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მთელი სამყაროსთვის ის მექსიკის ყურეა.