აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი უკრაინელი კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. ამერიკელმა ლიდერმა აღნიშნა, რომ რუსეთი თითქოს მზად არის ომის დასასრულებლად და ამის სიგნალს იძლევა.
კონგრესში სიტყვით გამოსვლისას ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მან მიიღო “მნიშვნელოვანი წერილი პრეზიდენტ ზელენსკისგან, რომ უკრაინა მზადაა დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა დაუახლოვდეს გრძელვადიან მშვიდობას“.
“მე ვაფასებ, რომ მან ეს წერილი გამომიგზავნა”, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მან ასევე განაცხადა, რომ “რუსებთან სერიოზული საუბარი ჰქონდა და მიიღო სერიოზული სიგნალები, რომ ისინი მზად არიან მშვიდობისთვის“.
“თუ ომის დასრულება გსურთ, ორივე მხარეს უნდა ესაუბროთ“, – აღნიშნა მან.
ტრამპმა ასევე კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ “კონფლიქტში“ უკვე დაიღუპა „მილიონობით“ უკრაინელი და რუსი.
გარდა ამისა, ამერიკელი ლიდერის თქმით, შეერთებულმა შტატებმა ასობით მილიარდი დოლარი გაგზავნა უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად.
“გსურთ ეს კიდევ ხუთი წელი გაგრძელდეს?” – აღნიშნა მან.