აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დაურეკა.
ტრამპის თქმით, პუტინთან საუბარი “ხანგრძლივი და ძალიან პროდუქტიული იყო”. მოლაპარაკებების დროს მხარეებმა განიხილეს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში, ენერგეტიკა, ხელოვნური ინტელექტი და სხვა თემები.
“ჩვენ თითოეულმა ვისაუბრეთ ჩვენი ერების ძლიერ მხარეებზე და იმაზე, თუ რა სარგებელს მივიღებდით ერთობლივი მუშაობისგან, მაგრამ პირველ რიგში, როგორც ორივე შევთანხმდით, გვსურს შევაჩეროთ მილიონობით სიკვდილი, რომელიც ხდება რუსეთსა და უკრაინას შორის ომში“, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ ის და პუტინი შეთანხმდნენ, რომ “ძალიან მჭიდროდ” ითანამშრომლონ, მათ შორის ორმხრივი ვიზიტებით.
პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ტრამპმა ზელენსკის დაურეკა, საუბარი დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა.
როგორც ტრამპი აღნიშნავს, სატელეფონო საუბარი კარგად წარიმართა.
„ახლახან ვესაუბრე უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის. საუბარი ძალიან კარგად წარიმართა. მას, ისევე, როგორც პრეზიდენტ პუტინს, სურს მშვიდობის დამყარება. ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა საკითხები, რომლებიც უკავშირდება ომს, მაგრამ ძირითადად, ვისაუბრეთ შეხვედრაზე, რომელიც დაგეგმილია პარასკევს მიუნხენში, სადაც დელეგაციას უხელმძღვანელებენ ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. იმედი მაქვს, ამ შეხვედრის შედეგები პოზიტიური იქნება. დროა, შეწყდეს ეს აბსურდული ომი, რომელმაც გამოიწვია მასობრივი და სრულიად არასაჭირო მსხვერპლი და ნგრევა. ღმერთმა დალოცოს რუსი და უკრაინელი ხალხი“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
ზელენსკის განცხადებით, საუბრისას განიხილეს მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობები.
“მე ახლახან ველაპარაკე დონალდ ტრამპს. გრძელი საუბარი იყო მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობის შესახებ, ჩვენს მზადყოფნაზე ვიმუშაოთ გუნდურ დონეზე. ჩვენს ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე, კერძოდ დრონების და სხვა თანამედროვე წარმოებაზე. მადლობელი ვარ პრეზიდენტ ტრამპის იმით დაინტერესებისთვის, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ერთად”, – განაცხადა ზელენსკიმ.