spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“წარმოუდგენელია არ იყო სულით ხორცამდე შეძრული იმ სინამდვილით, რომელშიც ჩვენი საზოგადოება აღმოჩნდა”

წარმოუდგენელია არ იყო სულით ხორცამდე შეძრული იმ სინამდვილით, რომელშიც  ჩვენი საზოგადოება აღმოჩნდა; არ ვიყოთ უზომოდ შეძრწუნებული იმით, რომ ამ უმძიმეს ვითარებაში მსხვერპლს იღებს ახალგაზრდობა, რომელსაც უნდა ვაძლევდეთ მაგალითს და ამ ურთულესი დროის გააზრებაში უნდა ვეხმარებოდეთ ჩვენ, უფროსი თაობის ადამიანები. თუმცა, ჩვენთვისაც უკიდურესად ძნელი აღმოჩნდა ამ ჟამის სირთულეებში გარკვევა, – ამის შესახებ Front News-სთვის გამოგზავნილ წერილში იღუმენია მარიამ ჯაფარიძე წერს.

იღუმენია მარიამი პროტესტის მონაწილე ახალგაზრდებს მიმართავს.

“რა შემიძლია ვუთხრა მე ახალგაზრდებს, ამ უზომოდ მძიმე დღეებში, რომლებიც ცდილობენ გაემიჯნონ აწმყოში შემორჩენილ ისტორიის გუშინდელი დღის ტოტალიტარულ წესრიგს და იბრძვიან იცხოვრონ იმ აწმყოში, დრომ რომ მოიტანა. მთელი არსებით გეთანხმებით, ჩემო შვილებო, ჩემო უმცროსო მეგობრებო იმაში, რომ მიუღებელია თქვენთვის შოვინისტური სულისკვეთებითა და ცრუ მესიანიზმით გაჯერებული, კეისრის კულტით და აპოთეოზით, მილიტარისტული ჰეროიკით სავსე წარსულიდან აწმყოში შემორჩენილი ცარისტულ დესპოტიზმში ნაშობი და კომუნისტური უტოპიის კოშმარით ნასაზრდოები იმპერიალიზმი. ამ კოშმარის ძალა ჩვენი ისტორიის უმძიმესი გამოცდილებაა და მეც როგორც ერთ-ერთ მოქალაქეს ამ ქვეყნისას გამოვლილი მაქვს ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის უმძიმესი წლები. მე მთელი ჩემი ნაციონალური მგრძნობელობით და ინსტინქტით ვიცი, რომ დაუშვებელია აღდგეს მჭიდრო კავშირი იმ ქვეყანასთან, რომელიც უკანასკნელი საუკუნეების განმავლობაში ცდილობდა ჩვენი ეთნოსის დეგრადირებას და გადაგვარებას.

90-იან წლებში  სტუდენტობის პერიოდში სხვებთან ერთად მეც გავხდი “სულთა მკვლელი” იმპერიის რღვევის, მისი უძლეველობის მითის დასრულების, ხოლო შემდეგ მისი იდეოლოგიისა და  მილიტარისტური მანქანის განახლებული ვერსიით გაცოცხლების  გრანდიოზული საზარელი სანახაობის მოწმე.. ჩვენ მაშინ გავიაზრეთ, რომ ცრუა და დროებითი ყოველგვარი უძლეველობის ილუზია ამ წარმავალ არსებობაში, ყოველი კერპი და ძლევამოსილება, რასაც არა აქვს ღვთაებრივი წარმომავლობა, რაც ღვთივმოცემული სიცოცხლის  გაუკუღმართებით და გადაგვარებით არსებობს და არსებობს იმით, რომ მას აღიარებენ ამა სოფლის შვილნი, ჟამთა ცვლის პროცესში აუცილებლად დასრულებისთვის არის განწირული და აუცილებლად შეიცვლება იგი თეზისი და ანტითეზისის ლოგიკით. ფილოსოფოსები იმასაც გვეუბნებიან, რომ ძირითადად ანტითეზისი, რომელიც აკრიტიკებს თეზის, არსობრივად არ არის ხოლმე თეზისზე უკეთესი… მაშინ მე გადავწყვიტე დავმდგარიყავი იმ გზაზე, სადაც არ აღიარებენ არაფერს იმგვარს, რაც წარმავალია და ექვემდებარება ცვლილებებს.. მე მაშინ გავიაზრე, რომ ზღვარი იმისთვისაც არსებობს, რომ გადაილახოს და რომ ზღვარი შეიძლება გადაილახოს სიცოცხლის სრულყოფითაც და უარყოფითაც, სიცოცხლის სისავსითაც და  სასიცოცხლო არსის დაცარიელების პროცესშიც..

20ს. ფილოსოფოსები გვეუბნებიან, რომ ცივილიზაციის განვითარების გზაზე, რომლის საფუძველიც დროში განგრძნობილი, დაუსრულებელი უარყოფის პროცესია, სიცოცხლე თავის ღირებულებებთან მიმართებაში პაროდიულ არსებობამდე აღწევს და მკვდარი ფორმების უამრავი ვარიაციის  სერიული  ვერსიის თამაშით სიცოცხლის ახალ, ჰიპერრეალურ განზომილებას ქმნის. მაგრამ იმ სამყაროში,რომელშიც ყოველივე იყო “კეთილი”, ანუ სრულყოფილი და რომელშიც მოქმედებდა ამ სრულყოფილის დაუსრულებელი სრულქმნის ნება და შესაძლებლობა, სამყაროში, რომელშიც განკაცებულმა ღმერთმა იცხოვრა და განაღმრთო ადამიანურობა, შეუძლებელია, რაიმე ძალამ თუ ისტორიულმა პროცესმა შეაჩეროს ღვთისკენ აღმასვლის დინამიკა.. რწმენა, რომლისთვისაც ღმერთი არ არის “ანი და ჰოე”, არის ურწმუნოება; ურწმუნოება სიბრმავეა და დაუსრულებად, განგრძნობილად ამ ჟამთა ისტორიულ სვლაში ჰკლავს უკვდავს, ჰკლავს ღმერთს და სიცოცხლეს უარსობის უფსკრულისკენ მიაქანებს… ღმერთი დაუსრულებლად, განგრძნობილად ამ ისტორიულ ჟამთა სვლაში, იღებს სიკვდილს უღმრთოთ და ფარისეველთა ხელით; იგი სიკვდილს იღებს იმ სიყვარულისა და თანაგრძნობის გამო, რომლითაც შეჰქმნა სრულყოფილი სიცოცხლე და დაუსრულებელი სრულქმნის შესაძლებლობა მიანიჭა.

ღმერთმა შექმნა უკვდავი სულისა და მატერიალურობის მქონე არსება, რომელსაც მისცა თვისი ხატება და მსგავსება და  მისცა თავისუფალი ნება და შესაძლებლობა სიცოცხლის სრულქმნის და უარყოფისა.. და იქ, სადაც დაუსრულებლად, განგრძნობილად ჟამთა ისტორიულ სვლაში სიკვდილს იღებს, იღებს შეურაცჰყოფას და უარყოფას ყოვლისშემოქმედი, დაუსრულებლად, ჟამთა ისტორიულ ცვლაში იძლევა სიკვდილი და იმუსრება ბოროტება მათთვის, ვინც  ჭეშმარიტად ცხოვრობს ქრისტეს სწავლებით და აღივსება სულიწმიდის მადლით..

ამგვარად, ღვთივქმნილი სიცოცხლე ღიაა და გახსნილი მარადიული სრულყოფისათვის, ჩემო შვილებო და უმცროსო მეგობრებო და ამას ვერანაირი ძალა ვერ აღუდგება წინ, ხოლო  მიზეზი ამ ენით აღუწერელი სიცოცხლის სუროგაციისა, რომელშიც ვართ აღმოჩენილი კაცთა მოდგმა არის ის,რომ “გონების თვითუფლებრივი აღძრულობა” ადამიანისა, მიემხრო იმას, რაც ბიბლიურმა გველმა აირჩია შესაქმის იმ წამში, ზეციური სამყარო როცა შეჰქმნა ყოვლისშემოქმედმა.. ადამიანი, რომელიც “შეაცდინეს და შეცდა”, მაგრამ რომელიც გამოსყიდულ იქმნა ცოდვისა და სიკვდილის მონებისგანაც, გამოხსნილია” უარსებოთა ამაოებაში მყოფი და აღმდგარია არსთა შორის არსებობაში” სიცოცხლის იმ შესაძლებლობეში, რომელიც ქრისტეს მიერ განიღმრთო.

მე ვარ მონაზონი, რომელიც სახარებისეულ უწყებამდე ქართული და ევროპული აზროვნებისა და ხელოვნების სიღრმეებში თავისუფლების გზის ძიებით მივიდა. მე ვიცი, რომ თავისუფლების გზა სიკვდილის ძლევის გზაა და ის გზაა, ქრისტემ რომ ჩვენთვის გაიარა. მზისქვეშეთში, როგორც ეკლესიასტე ამბობს, რომელშიც იმთავითვე ყოველივე იყო ამაო და ეპოქათა ცვლაში არაფერი იცვლებოდა, ადამიანი დაუსრულებლად ცვლიდა კერპებს და მონობის ფორმებს, “ქვების სროლას მეგა ბომბებით” ანაცვლებდა და ტექნოლოგიური პროგრესის შესაძლებლობებში ხვეწდა და აფაქიზებდა იდეოლოგიის ფორმებსა და ადამიანების აზროვნებაზე ზემოქმედების საშუალებებს. ადამიანი საკუთარი არსების გაფაქიზებისა და განწმედის, ეგოცენტრიზმის დაძლევის, საკუთარი არსების გულის სამყაროში სიცოცხლის იდუმალი სიღრმეების მოძიების ნაცვლად სიცოცხლის კლებით, სიცოცხლისა და სიკვდილის ანულირებით, სასიცოცხლო არის  დაცარიელებით, განსაცვიფრებელი, წარმოუდგენელი ტექნოლოგიური განვითარებით, ემზადება იმისთვის, რომ დეტერმინებული სიკვდილითა და იგივეობის უნივერსალობით  ამ სამყაროშივე ჩაანაცვლოს მარადიულობა და სრულყოფა დატოვოს მზისქვეშეთი და დაასრულოს ისტორია ..

დიახ, კაცთა მოდგმა ემზადება, დატოვოს მზისქვეშეთი, რომელშიც ცხოვრობს მას შემდეგ, სიმართლის მზის უარყოფის გზას რომ დაადგა და ისტორიულ დროში აღმოჩნდა; აღმოჩნდა ღვთისაგან არარსისაკენ პირუკუქცეულ  არსებობაში, სადაც ყოველივე იმთავითვე იყო და არის ამაო; სადაც სიკვდილი მეფობს და მძლავრობს სიცოცხლეზე, ასრულებს ყველა მეუფებას და ყველა წარმავალ კერპს ჩამოხსნის უძლეველობის ნიღაბს; ასრულებს ღვთივქმნილი სიცოცხლის, მათ შორის ქრისტიანობის ყოველი სახის სუროგაციას; როგორც უნაყოფო ლეღვს, ისე გაახმობს უარსობის ყოველგვარ  გამოვლენას….

როდესაც დგება ჟამი, როცა ისტორიული დროის საზღვრებში მოქცეული კაცობრიობის სინამდვილე ყოველივე აქამდე არსებულის გადალახვის ზღვარზე დგება, მე ვფიქრობ, სრულფასოვნად ცხადი ხდება, რომ ყოველთვის, ყოველ დროსა და ყოველ ჟამში, ყოველ ამ ქვეყნად მოსულ ადამიანთან, ყველაზე ახლოს, მომდევნო წამზე უფრო ახლოსაც კი მუდამ იყო  ის წამი, რომელიც შეაჩერებს ჟამთასვლას და საყოველთაოდ, საბოლოოდ, ეგზისტენციალურ საზღვარს წაშლის სულიერ ცასა და იმ დედამიწას შორის, რომლის “გულიც ოქროა”, ანუ რომელიც უნაკლო, უხარვეზო სრულყოფილი შეჰმნა და დაუსრულებელი სრულქმნისთვის განამზადა ყოვლისშემოქმედმა და რომელიც წარმოუდგენელი სისასტიკით გაიწირა კაცთა მოდგმისგან, გაიწირა მათგან, ვინც უკვდავს კლავენ დაუსრულებლადა და მზეს აბნელებენ ღვთივმოცემულ ყოფიერებაში.. ანუ გაიწირა ჩვენგანაც, გაიწირა ჩემგან, ყოველ ამ ქვეყნად მოსულ იმ ადამიანისგან, ვინც ჭეშმარიტად არ შეიმოსა ქრისტესმიერი ნათელით, არ განცხოველდა და აღივსო სულიწმინდის მადლით და არ ამოქმედდა საკუთარ არსებაში ქრისტე თვისი სიკვდილის მძლეველი სიყვარულით; გაიწირა ჩვენგან, რადგან ყოველი ადამიანი  შობითგანვე ატარებს სიკვდილს საკუთარ თავში და ატარებს იმ სიცოცხლის შესაძლებლობასაც, სიკვდილის ძლევა რომ ძალუძს; ატარებს მარადიული სიცოცხლის განმცდელ თანდაყოლილ ცოდნას და მოლოდინს იმ წამისას, როცა ისტორიულ დროის გარეშემოწერილ არსებობაში უნდა გაიხსნას უსასრულო კოსმიური ზეცის სიღრმე და სინათლის მზის უჩრდილო ნათელში გაბრწყინდეს ღვთივქმნილი ყოფიერება. აპოკალიფსი, ცხადია, არ არის მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ დროში და პოლიტიკურ განზომილებაში განხორციელებული მოვლენა და იგი ერთ წამში მოაქცევს არათუ თითოეული ჩვენგანის, არამედ კაცობრიობის მთელს ისტორიას..

დღეს როცა ჩვენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები სცდება პოლიტიკური განზომილების საზღვრებს.. როცა პოლიტიკურმა შეხედულებებმა ჩვენი ცხოვრების გაცილებით ღრმა შრეებში შეაღწია და ჩვენს საზოგადოებაში არსებული პოლარიზება უკიდურესად კრიტიკული გახადა.. როცა მშობელსა და შვილს, ნათესავებსა და მეგობრებს შორის, იმ ხარისხის უთანხმოება გაჩნდა, რომ ადამიანები ერთმანეთს უსასტიკესად უსწორდებიან და ეს შემაძრწუნებელი ვითარება კი არ აფხიზლებს, არამედ საკუთარ პოზიციაში ამტკიცებს ადამიანებს.. ამ უმძიმეს ვითარებაში, საოცარია და სულის შემძვრელი ის, რომ მოვლენათა ეპიცენტრში აღმოჩნდით თქვენ, ახალგაზრდები; ისინი, ვინც ყველაზე ნაკლებად იყავით ჩართული პოლიტიკურ ვნებათაღელვაში და თქვენ თავზე აიღეთ არსებულ პროცესების გამო პასუხისგება.

თქვენ იღებთ უზომოდ მნიშვნელოვან გამოცდილებას. თქვენ ისურვეთ, ჩაერიოთ პროცესებში, რომელიც უკავშირდება თქვენი ქვეყნის მომავალს; თქვენ არ იცით,არც გაინტერესებთ დეტალები იმ პროცესებისა, რომლებმაც მოვლენების შუაგულში აღმოგაჩინათ.

გულახდილად რომ გითხრათ, არც მე ვიცი ისინი და არც ვცდილობ ჩავუღრმავდე მათ, თუმცა, ორივე მხარეს არიან ჩემთვის უახლოესი, ღირსეული, გონიერი ადამიანები, მათ შორის პოლიტიკოსებიც. ცხადია, თქვენ ჩემგან განსხვავებით, მომავალში აქტიური მონაწილენიც უნდა გახდეთ თქვენი ქვეყნის საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრებისა; თქვენ თქვენი დროის სინამდვილეში გინდათ ცხოვრება. დიახ, გეთანხმებით, თქვენ მსოფლიო და თქვენი ქვეყნის კულტურის საუკეთესო ღირებულებების გაზიარებით თქვენს დროში უნდა იპოვოთ მარადიული სიცოცხლის გზები. ასე იქცეოდნენ ყველა დროში ისინი, ვინც თავისუფლების მოთხოვნით იყვნენ გამორჩეულნი, იყვნენ გამორჩეულნი შვენიერების ბეჭედით და “ტრაგიზმისა და დონკიხოტიზმის” ნიშნით. ახალი დროება ახალ სინამდვილეს აჩენს და ეს სინამდვილე წარსულიდან იშვება. ნუ იფიქრეთ, რომ ის წარსულზე უკეთესია. ეძიეთ ის, რასაც  ყოველ დროსა და ეპოქაში ესწრაფვოდა ჭეშმარიტების მაძიებელი  ადამიანი. მუდამ გახსოვდეთ, რომ თქვენ ამ დროის წიაღთან ერთად ქრისტიანული კულტურის წიაღში ხართ დაბადებული, თქვენი ქვეყნის ისტორიულ სინამდვილეში მიუხედავად ნათელი და ბნელი პერიოდებისა, მიუხედავად ისტორიის შემზარავი ფაქტებისა და მოვლენებისა, ცხოვრებას არ დაუტოვებია ქრისტეს მიერ მოტანილი  უწყების კონტექსტი და წარმოუდგენელ სისასტიკესა და უბედურებებს შორის მყოფთ არ მოგვკლებია სახარებისეული სიხარული და ქრისტეში მოპოვებული სიცოცხლის თავისუფლების განცდა. ჩვენ ვიცით ჩვენი ერის ქრისტესადმი ერთგულების გამოცდილებით, ეს ჩვენი შინაგანი ცოდნაა: ნათელი მეფობს, დაუვალია ნათელი და ვერ ეწევა მას ბნელი, ვიცით, რომ ეს ნათელი სიყვარულია და ჩვენი სიცოცხლე ამ დაუვალი ნათელითა და ამ წმიდა, უანგარო, მიუკერძოებელი სიყვარულით დაუსრულებელი აღვსებაა; ჩვენ ვიცით, რომ ღმერთია ეს ნათელი და ეს სიყვარული და ჩვენი სიცოცხლე ღვთის მიუწვდომელ, იდუმალ მყოფობასთან დაუსრულებელი მიახლებაა, ჩვენ ვიცით, რომ ყველაზე მაღალი შემოქმედებაა, როცა საკუთარი ცხოვრებაა  შემოქმედება და ვიცით დანამდვილებით,რომ იმ სამყაროში, სადაც სიკვდილი გარდუვალია, გამოსყიდვის გზით უნდა გადავლახოთ მარადისობის საზღვარი. ვიცით, რომ ადამიანი შესაძლოა, იმგვარად დადგეს ღვთის წინაშე, იმგვარი გარინდებით და მდუმარებით, იმგვარი ძალით,სასოებითა და სიყვარულით და იმგვარი სარწმუნოებით, რომ იგრძნოს – სამყარო სრულყოფილია, სრულყოფილია ღვთისგან შექმნილი სამყარო და მის სრულქმნას არა აქვს დასასრული..”, – წერს იღუმენია მარიამი ჯაფარიძე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები