სალომე ზურაბიშვილმა აიღო პასუხისმგებლობა, რომელმაც აქციის სახელით საუბარზე განაცხადა პრეტენზია, შესაბამისად, ლეგიტიმურია, რომ ყველა მოთხოვნა, პირველ რიგში, მასთან მიმართებაში არსებობდეს, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა ცოტნე კობერიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ზურაბიშვილს მეტი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს და ბრიფინგიდან ბრიფინგამდე არ უნდა ელოდოს ოპოზიცია.
“როცა სალომე ზურაბიშვილი საუბრობდა, რომ რეგიონში წავალ და ამ კუთხით გავაქტიურდებიო, ამასთან დაკავშირებით უნდა ვიცოდეთ, რა ხდება და როგორ ხდება.
ზურაბიშვილის გამოსვლიდან გამოსვლამდე 10 დღე ველოდებით ხოლმე, ჩემთვის უცნაურია და არ მომწონს, რატომ არ შეიძლება ყოველ საღამოს იჯდეს და საუბრობდეს და არა მხოლოდ ბრიფინგიდან ბრიფინგამდე. დრო გადის და გვეჩქარება.
არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ უბრალოდ ახალ არჩევნებს არ ვითხოვთ, ჩვენ ვითხოვთ ისეთ არჩევნებს, სადაც არ უნდა იყოს სუსი, სადაც “ქართული ოცნება” არ უნდა იყოს ისე, როგორც აქამდე, თორემ ისევ იმავე შედეგს მივიღებთ. ჩვენ არჩევნებამდე უნდა მოვუგოთ ბიძინა ივანიშვილს და არჩევნებზე უნდა გაფორმდეს ეს გამარჯვება. ეს უნდა იყოს მთავარი მოლოდინი.
ქუჩაში ყოველდღე უნდა ვხედავდეთ ყველა პოლიტიკოსს. ამ დონის ჩართულობაზე უნდა გვქონდეს პრეტენზია. არ უნდა ვიყოთ მხოლოდ საგარეო აქტორებზე დამოკიდებული.
სალომე ზურაბიშვილი იყო ერთადერთი, რომელმაც ამ აქციებს მიმართა მიკროფონით, აიღო პასუხისმგებლობა და ამ აქციის სახელით საუბარზე განაცხადა პრეტენზია, შესაბამისად, ლეგიტიმურია, რომ ყველა მოთხოვნა, პირველ რიგში, მასთან მიმართებაში არსებობდეს. ამას სჭირდება გაცილებით მეტი კომუნიკაცია და არა ის, რომ ბრიფინგიდან ბრიფინგამდე ველოდებით”, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.