წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ მოსახლეობას 2022 წლის 10 თვის მუშაობის ანგარიში წარუდგინა.
პრეზენტაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, მოადგილე სერგო კირკიტაძე, მერის მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, ასევე თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გენადი ბალანჩივაძემ ისაუბრა 2022 წლის ბიუჯეტის, განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოციალური პროგრამების შესახებ, საზოგადოებას გააცნო ჯანდაცვის, ზედამხედველობის, კულტურისა და სხვა დარგებში არსებული მდგომარეობა.
“მოსახლეობასთან შეხვედრები, თვითმმართველობასთან მათი ღია და მჭიდრო ურთიერთობა, პრობლების ერთად გადაწყვეტა და პროექტების განხორციელების პროცესში ჩართულობა არის მნიშვნელოვანი. დღეს წარმოგიდგინეთ ანგარიში იმის შესახებ, თუ რა გავაკეთეთ, განვიხილეთ სამომავლო გეგმებიც, დარწმუნებული ვარ მომავალში ბევრ პროექტს განვახორციელებთ, ერთად დავალაგებთ პრიორიტეტებს და ვიზრუნებთ წყალტუბოს განახლებასა და მოსახლეობის კეთლდღეობაზე”, – განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.
შეხვედრას მუნიციპალიტეტის სოფლებში, ქალაქსა და დევნილთა დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეები ესწრებოდნენ, რომლებსაც სახელმწიფო და მუნიციპალური ჯანდაცვის პროგრამების შესახებ ბროშურები გადაეცათ.
მუნიციპალიტეტის მერმა უპასუხა დასმულ შეკითხვებს, მისი თქმით, მოსახლეობასთან შეხვედრები სოფლებშიც გაიმართება, სადაც კონკრეტულ პროექტებსა და აქტუალურ საკითხებს განიხილავენ.