წყალტუბოში, პროექტის “სმარტი და ინოვაციური გადაწყვეტილებები შავი ზღვის ქვეყნებში მწვანე და სუფთა სასოფლო თემებისათვის” ფარგლებში კომპოსტირების ინოვაციური მიდგომების დანერგვის შესახებ სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
შეხვედრაში ქართველ პარტნიორებთან ერთად მონაწილეობდნენ პროექტში ჩართული რიზეს მუნიციპალიტეტის (თურქეთი) წარმომადგენლები.
პროექტის მონაწილეებს მიესალმა და წარმატებები უსურვა მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ წყალტუბოში კომპოსტირების ცენტრის აშენება იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების დანერგვის მიმართულებით. მან ასევე, ხაზი გაუსვა მწვანე ქალაქისთვის კომპოსტირების საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
პროექტის ფარგლებში კომპოსტირების კუთხით უკვე განხორციელებულ აქტივობებზე საინტერესო პრეზენტაცია წარადგინეს პროექტის მენეჯერმა, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის ,,სპექტრის” თავმჯდომარემ ქეთევან ცხაკაიამ და პროექტის კოორდინატორმა მაია ფანჩულიძემ.
შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ პრეზენტაციებს საქართველოში ნარჩენების მართვის პოლიტიკის, ქუთაისის საკომპოსტე ცენტრის საქმიანობისა და მიღწევების, ასევე, ტრენინგ კურსის კომპოსტირების მიდგომებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრამ მხარეები დაარწმუნა, რომ ურთიერთთანამშრომლობა და გამოცდილებათა გაზიარება არის სასარგებლო და აუცილებელი საუკეთესო პრაქტიკების დანერგვისა და ერთობლივი საგანმანათლებლო რესურსების შექმნისთვის.
საერთაშორისო პროექტს “სმარტი და ინოვაციური გადაწყვეტილებები შავი ზღვის ქვეყნებში მწვანე და სუფთა სასოფლო თემებისათვის” ახორციელებს 4 ქვეყანა(საქართველო, რუმინეთი, მოლდოვა, თურქეთი) და 6 ორგანიზაცია.