წყალტუბოში, საკონცერტო დარბაზ “ივერიაში” ქორეოგრაფის, არაერთი თაობის აღმზრდელის ბესო შენგელიას ხსოვნის საღამო გაიმართა.
მაყურებელთა წინაშე წარდგა ფოლკლორი ანსამბლი “ნადური” და ქორეოგრაფიული ანსამბლი “ფესვები”. ღონისძიება მუნიციპალიტეტის მერის გენადი ბალანჩივაძის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.
“დღეს ჩვენ ყველანი ერთად პატივს მივაგებთ გამორჩეული წყალტუბოელის, ქორეოგრაფის ბესო შენგელიას ხსოვნას, რომელიც წლების განმავლობაში აზიარებდა მომავალ თაობას ქართულ ქორეოგრაფიასა და ფოლკლორს, სამწუხაროდ, ბესო შენგელიამ ადრე დატოვა წუთისოფელი, თუმცა ჩვენი ვალია არ დავივიწყოთ მისი ღვაწლი. დღევანდელი ღონისძიება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ადამიანის სიცოცხლე უკვალოდ არ იკარგება, ადასტურებს იმასაც, რომ როგორც დიდი გრიგოლ რობაქიძე ბრძანებდა: ,,ქართული ცეკვა ქართული გენია- როკვად განფენილი”. დაე, ყოველთვის გვქონდეს ჩვენი მდიდარი კულტურის, ტრადიციებისა და ხელოვნების მსახურების, თაობებიდან თაობებზე გადაცემის და მსოფლიოს სხვა ქვეყნებისთვის გაცნობის სურვილი და შესაძლებლობა”, – განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.
ბესო შენგელიას ხსოვნის საღამოს მუნიციპალიტეტის მერთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, მოადგილე სერგო კირკიტაძე, მერის მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ბესო შენგელიას როგორც გამორჩეული ქორეოგრაფის და შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული პიროვნების შესახებ ისაუბრეს მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა რიმა მარგიანმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ჩხეტიანმა, ქორეოგრაფმა თემურ ფირცხალავამ და სხვებმა. ღონისძიება კულტურის ცენტრის მმართველის მოადგილეს ლილი გელენიძეს მიჰყავდა.
აღინიშნა, რომ ბესო შენგელიას დაწყებული საქმე გრძელდება, მისი აღზრდილის და მეგობრის გიორგი რეხვიაშვილის ხელმძღვანელობით წყალტუბოში მოქმედებს ქორეოგრაფიული ანსამბლი “ფესვები”, რომელიც არაერთი კონკურსის და ფესტივალის გამარჯვებული და ლაურეატია, ანსამბლის აღსაზრდელების მიერ შესრულებულმა ცეკვებმა მაყურებლის ტაში და ოვაციები დაიმსახურეს.