სახალხო დღესასწაულის “შემოდგომის წყალტუბოს” ფარგლებში მთელი დღის სხვადასხვა კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები გაიმართა. საზეიმო ვითრაებაში გაიხსნა დიდი ქართველი პოეტის გალაკტიონ ტაბიძის ძეგლი.
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, პირველმა მოადგილემ ლევან სანიკიძემ, პარლამენტარმა ზაზა ლომინაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ პირებთან ერთად საგანგებო სიტუაციებისა და სამხედრო აღჭურვილობის საჩვენებელი სივრცეები დაათვალიერეს და წყალტუბოელებს დღესასწაული მიულოცეს.
ქალაქის მთავარ დღესასწაულთან დაკავშირებით წყალტუბოში იმყოფებოდნენ დამეგობრებული ქალაქების: შილუტეს, სალდუსის, სალსომაჯორეს, იუნიევოს, უნგენის, გალაცისა და რიზეს დელეგაციები. იტალიის დელეგაციის წარმომადგენელმა კრისტინა სერვინმა წყალტუბოს დროშასა და გერბზე გამოსახული სიმბოლოებით, ასევე, კურორტის სავიზიტო ბარათად ქცეული ძველი არქიტექტურული ნიმუშების მახასიათებლებით შექმნილი შარფის პრეზენტაცია წარმოადგინა.
მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ცნობილი ქართველი მხატვრების შედევრები წარადგინეს. გაიმართა თეატრალიზებული წარმოდგენები, მოეწყო ახალგაზრდული და ტურისტული სივრცეები, გამოფენები, ჩატარდა კლასიკური მუსიკის კონცერტი.
საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიაზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ერთიან, ძლიერ, მშვიდობიან საქართველოში ცხოვრება უსურვა.
წყალტუბოს საპატიო მოქალაქის ტიტული გადაეცათ ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტს, მეუფე იოანეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს დავით ფაცაციას, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარეს ირაკლი ლექვინაძეს, ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს კობა ნარჩემაშვილს, მშენებელ-ინჟინერს, ენერგეტიკოსს, მკვლევარს თენგიზ ჯიმშელეიშვილს, საზოგადოება “ძველი წყალტუბოელების” თავმჯდომარეს, თვითნასწავლ ხელოვანს გელა ხუნწარიძეს, წყალტუბოს თერმული წყლების სამედიცინო დეპარტამენტის დირექტორს ნანა გვიშიანს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს, ქვიტირის სკოლის პედაგოგსა და არაერთი საერთაშორისო პროექტის ავტორსა და მონაწილეს, კახაბერ ჩაკვეტაძეს, წყალტუბოს საპატიო მოქალაქეს, რაიონული საავადმყოფოს პედიატრს ნუნუ ლექვთაძეს, კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლის ლოტბარს, ირაკლი შენგელიას, არაერთი თაობის აღმზრდელს, პირველი საჯარო სკოლის პედაგოგს იზო ჯანგავაძეს, დასავლეთ საქართველოს ტაეკვანდოს ფედერაციის პრეზიდენტს, ღირსების ორდენის მფლობელს ზურაბ სალუქვაძეს.
საზეიმო ვითარებაში, ახალსახლობა მიულოცეს სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების წარმომადგენლებს, რომლებსაც წელს 8 ახალი სახლი აუშენეს.
გალა კონცერტზე ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები წარადგინეს წყალტუბოს კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლებმა “ნადურმა” და “ივერიამ”, სალდუსის ქალთა გუნდმა “ლაიქსნემ”, საზეიმო კონცერტს განსაკუთრებული ხიბლი შესძინა ლეგენდარული ანსამბლის “ქართული ხმების” მიერ გაჟღერებულმა ქართულმა მელოდიებმა, მუსიკალური ნომრები შეასრულეს ბენდმა “ჩვენი”, სოლისტი ანამარია იაკობაშვილი, ღამის შოუს ბენდმა, კონცერტი დიჯეის პროგრამით და ფოიერვერკით დასრულდა.
“შემოდგომის წყალტუბოს“ დღესასწაულმა სხვადასხვა თაობის წყალტუბოელები, ამ ქალაქის სტუმრები, წყალტუბოს განვითარებისთვის წლების განმავლობაში მზრუნველი ადამიანები გააერთიანა.