სასამართლომ, ორი ადამიანის გარდა ის დამოუკიდებლობის ხარისხიც დაკარგა, რომელიც მანამდე საზოგადოებაში ჰქონდა. სამწუხაროა, რომ ეს მოხდა, – ამის შესახებ „დემოკრატიის კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სასამართლოს წევრთა უმრავლესობამ ვერ დაენახა ის რისკები და საფრთხეები, რაც ამ კანონს შეიძლება მოჰყვეს.
“მადლობა იმ ორ მოსამართლეს, ვინც მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიეღო დამოუკიდებელ მოსამართლეს. დანარჩენ შემთხვევაში, სამწუხაროა, რომ სასამართლოს წევრთა უმრავლესობამ ვერ დაინახა სერიოზული რისკები და საფრთხეები, რომელიც რუსული კანონის მიღებამ შექმნა ქვეყანაში. სასამართლომ, ორი ადამიანის გარდა ის დამოუკიდებლობის ხარისხიც დაკარგა, რომელიც მანამდე საზოგადოებაში ჰქონდა. სამწუხაროა, რომ ეს მოხდა. საკმარისი დრო და რესურსი ჰქონდათ სხვა გადაწყვეტილება, რომ მიეღოთ. სასამართლოს უნდა დაენახა ის წინააღმდეგობა კონსტიტუციასთან, რომელიც მიღებულ კანონში არსებობს”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის” შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სარჩელები კი არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნო.