აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა, რომელიც მისთვის უკანასკნელია ამერიკის ლიდერის რანგში. მან ისაუბრა ომებზე უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში და ასევე დაასახელა მსოფლიოს წინაშე არსებული მთავარი გამოწვევები.
დასაწყისში ბაიდენმა აღნიშნა, რომ ეს იყო მისი ბოლო გამოსვლა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, რის შემდეგაც მან თავის მდიდარ პოლიტიკურ გამოცდილებაზე ისაუბრა. კერძოდ, იმაზე, რომ არის ცივი ომისა და ვიეტნამის ომის მოწმე, რომელიც იმ დროს ყველაზე გრძელი კონფლიქტი იყო აშშ-ის ისტორიაში.
“მაგრამ ამერიკა და მთელი მსოფლიო გაუმკლავდა ბირთვული იარაღის გარეშე, და დავასრულეთ ცივი ომი. ეს არ იყო ადვილი, მაგრამ ჩვენ აღვადგინეთ ისტორიული მშვიდობა”, – აღნიშნა მან.
მისი თქმით, დღეს ამერიკა და მისი პარტნიორები ამტკიცებენ, რომ “შეგვიძლია შერიგება“ და წინსვლა.
მან ასევე გაიხსენა, თუ როგორ იბრძოდა აპარტეიდის რეჟიმის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკაში, ომის დანაშაულების და “ალ-ქაიდას” წინააღმდეგ. და როდესაც ის პრეზიდენტი გახდა, მან გადაწყვიტა ჯარების გაყვანა ავღანეთიდან და ასევე დააბრუნა აშშ-ის ლიდერობა საერთაშორისო პოლიტიკაში.
ბაიდენმა თავისი გამოსვლა განაგრძო სიტყვებით ღაზას სექტორში, სუდანში და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობის აღდგენისა და კლიმატის კრიზისზე რეაგირების შესაძლებლობის რწმენის შესახებ.
“დემოკრატია ახლა დგას რისკების წინაშე, რომლებიც დაკავშირებულია ხელოვნურ ინტელექტთან და ა.შ. მაგრამ რასაც ვხედავ ათწლეულების განმავლობაში, იმედი მაქვს, რომ წინსვლა შეგვიძლია“, – განაცხადა ბაიდენმა.
მისივე თქმით, პრეზიდენტობის დროს მან მოახერხა COVID-ის პანდემიის დამარცხება, გაეროს წესდების დაცვა და უკრაინის, როგორც თავისუფალი სახელმწიფოს გადარჩენა.
“აგრესია, ექსტრემიზმი და ქაოსი ყოფს სამყაროს. ჩვენი ამოცანაა დავრწმუნდეთ, რომ ძალები, რომლებიც გვამაგრებენ, უფრო ძლიერები არიან, ვიდრე ის, ვინც გვყოფს… მე მჯერა, რომ ეს არის ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი ისტორიაში. და ის, რასაც დღეს ვაკეთებთ, განსაზღვრავს ჩვენს მომავალს ათწლეულების განმავლობაში“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მან ასევე დაასახელა მსოფლიოს წინაშე მდგარი ძირითადი გამოწვევები: აგრესია, შიმშილი, კლიმატის ცვლილება, დაავადებები და ახალი ტექნოლოგიები.
რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ
უკრაინაში რუსეთის ომზე საუბრისას ბაიდენმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ გაეროს გენერალური ასამბლეა იღებს გადაწყვეტილებებს იმ ქმედებებზე, რომლებიც უნდა იქნეს მიღებული აგრესიის დასაძლევად.
“როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, ჩვენ დავდექით მის წინააღმდეგ, 50-ზე მეტი სახელმწიფო აღდგა მის წინააღმდეგ, მაგრამ რაც მთავარია, უკრაინელები დადგნენ. კარგი ამბავი ის არის, რომ პუტინის ომმა ვერ მიაღწია თავის მთავარ მიზანს. უკრაინა კვლავ თავისუფალია“, – განაცხადა ბაიდენმა.
მისივე თქმით, პუტინი ასევე ცდილობდა ნატოს დასუსტებას, მაგრამ ნატო უფრო ძლიერი გახდა, ვიდრე ოდესმე, ორი ახალი წევრით – ფინეთით და შვედეთით. ახლა კი მსოფლიო არჩევანის წინაშე დგას: მხარი დაუჭიროს უკრაინას ან მისცეს რუსეთს მისი განადგურების საშუალება.
“მე ვიცი ჩემი პასუხი. ჩვენ არ შეგვიძლია უკან დახევა და უკან დაბრუნება. ჩვენ არ შევწყვეტთ უკრაინის მხარდაჭერას და უკრაინას ექნება მშვიდობა, გაეროს წესდების მიხედვით”, – აღნიშნა ბაიდენმა.
ურთიერთობები ჩინეთთან
“აშშ გააგრძელებს თავისი პრინციპების დაცვას ჩინეთთან ურთიერთობაში. პეკინთან თანამშრომლობით აუცილებელია ნარკოტიკების გავრცელების შეჩერება“, – განაცხადა ამერიკელმა ლიდერმა.
მისი აზრით, მხარეებმა უნდა თქვან სამხედრო კონკურენციაზე, ასევე დაიცვან უახლესი ტექნოლოგიები. გარდა ამისა, პეკინმა და ვაშინგტონმა ერთად უნდა იმუშაონ მშვიდობისთვის ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში და ახლო აღმოსავლეთში.
ისრაელის ომის “ჰამასის” და “ჰეზბოლას” წინააღმდეგ
ბაიდენმა ღაზას სექტორში შექმნილ ვითარებას კატასტროფული უწოდა და აღნიშნა, რომ გაეროს უშიშროების საბჭო მოუწოდებს ცეცხლის შეწყვეტისკენ, რათა “ღაზას ტანჯვა დასრულდეს” და რეგიონი განთავისუფლდეს “ჰამასისგან”.
მისივე თქმით, “ჰამასის” წინააღმდეგ ომის დაწყებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე “ჰეზბოლას” მებრძოლების წინააღმდეგ ესკალაცია დაიწყო, მაგრამ დიპლომატიური გადაწყვეტა ჯერ კიდევ არსებობს.
“პალესტინელებმა უნდა იცხოვრონ უსაფრთხო სახელმწიფოში. მშვიდობისკენ მიმავალი პროგრესი მოგვცემს ძალას, დავუპირისპირდეთ ირანის მიერ წარმოქმნილ საფრთხეს და დავრწმუნდეთ, რომ ის არასოდეს მიიღებს ბირთვულ იარაღს“, – განაცხადა ბაიდენმა.
შიმშილი და გლობალური დათბობა
ბაიდენმა აღნიშნა, რომ დღეს სუდანი განიცდის მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისს, სადაც 8 მილიონი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა, ასობით ათასი კი უკვე შიმშილობს.
“გაერო უზრუნველყოფს ჰუმანიტარულ დახმარებას. ჩვენი პარტნიორები კი გვეხმარებიან მსოფლიოში შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლაში. მსოფლიომ უნდა აიძულოს ეს რეჟიმები შეჩერდნენ, შეაჩერონ თავიანთი ქვეყნების დაშლა და შეაჩერონ ომი”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ომის არარსებობა არის შანსი, იცხოვრო ღირსეულად და იყო დაცული კლიმატის ცვლილებისგან. მან ასევე აღნიშნა, რომ მისმა ადმინისტრაციამ 150 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა გარემოს მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად.
გარდა ამისა, აუცილებელია მილიონობით ვაქცინის დოზა მიეწოდოს განვითარებად ქვეყნებს.
“ჩვენ მოვუწოდებთ ქვეყნებს გლობალურ განვითარებაში ინვესტირებისკენ. იმისთვის, რომ ეს ერთად გავაკეთოთ, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ გაეროს ეფექტური და ინკლუზიური სტრუქტურები. მე შევთავაზე განვითარების გეგმა. დროა, წინ წავიწიოთ ომისა და ტანჯვის დასასრულებლად“, – განაცხადა ბაიდენმა.
ხელოვნური ინტელექტის საფრთხეები
ბაიდენის თქმით, ახლა მსოფლიო დგას ტექნოლოგიური ცვლილების გამოწვევის წინაშე, რაც ყველაზე დიდია ბოლო 50 წლის განმავლობაში.
“ხელოვნური ინტელექტი ცვლის ჩვენს ცხოვრებას, სამუშაოს და ომებსაც კი. მეცნიერული პროგრესი ჩქარდება ისე, როგორც აქამდე არ გვინახავს. ხელოვნური ინტელექტი ქმნის დიდ რისკებს და ჩვენ უნდა შევქმნათ სტანდარტები“, – განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, არავინ იცის, როგორ განვითარდება და იქნება გამოყენებული ხელოვნური ინტელექტი, მაგრამ უნდა დარწმუნდეთ, რომ ის უსაფრთხოდ იქნება გამოყენებული.
“რამდენადაც ის უფრო ძლიერდება, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ღირებულებები. ჩვენ უნდა მივიღოთ სარგებელი მისგან. მან არ უნდა შელახოს ადამიანის სიცოცხლის ღირებულება და ღირსება. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ხელოვნური ინტელექტი ეხმარება ჩვეულებრივ ადამიანებს და არ აძლევს დიქტატორებს მეტ ძალაუფლებას ხალხის გასაკონტროლებლად. ეს შეიძლება იყოს ჩვენი დროის ყველაზე დიდი გამოწვევა“, – განაცხადა ბაიდენმა.
პოლიტიკური პასუხისმგებლობა
ბაიდენმა აღნიშნა, რომ მან ზაფხულში გადაწყვიტა, კენჭი მეორე ვადით არ ეყარა.
“ეს იყო რთული გადაწყვეტილება, პრეზიდენტობა იყო ჩემი ცხოვრებისეული მისია. და მიუხედავად იმისა, რომ მე მიყვარს ჩემი საქმე, მე უფრო მიყვარს ჩემი ქვეყანა. დროა, ახალმა თაობამ მართოს ეს სახელმწიფო”, – განაცხადა ბაიდენმა.
მან ასევე მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს არ დაივიწყონ, რომ არსებობს რაღაც, რაც უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ძალაუფლება.
“და ეს არის ხალხი, თქვენი ხალხი, ისინი არიან ყველაზე მნიშვნელოვანი. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენ აქ ვართ, რომ ვემსახუროთ ჩვენს ხალხს და არა პირიქით, რადგან ჩვენი მომავალი აძლევს ჩვენს ხალხს თავისუფლად სუნთქვის, განათლების მიღების პოტენციალს. განათლება – ეს არის დემოკრატიის მთავარი მიზანი“, – განაცხადა ბაიდენმა.