მოძალადე დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ადამიანებზე ძალადობა, მათი მძევლად აყვანა ადასტურებს, რომ მათთვის საქართველოს მოქალაქეების უწყვეტი პროტესტი ყველაზე დიდი პრობლემაა, პროტესტი, რომელიც ვერაფრით ჩაახშო, – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” განცხადებაშია აღნიშნული.
“გამოხატვის თავისუფლების ფორმების სახელდახელოდ კრიმინალიზება, საკანონმდებლო ძალადობა პროტესტზე და მისი ინსტრუმენტალიზება ადამიანების დევნისთვის, პირდაპირ მიანიშნებს პროტესტის მასშტაბს და სიმძლავრეზე, რომელსაც დე ფაქტო ხელისუფლება ლეგიტიმაციის არარსებობის პირობებში ვერ უმკლავდება.
უკანონო პატიმართა რიცხვი იზრდება და მძიმდება მათ მიმართ სამართლებრივი დევნა. ახალ უკანონო პატიმრებს 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ემუქრებიან. ხალხის მიმართ ძალადობას და უსამართლობას კი ქართველი ხალხი ყოველთვის საკადრის პასუხს გასცემს. ჩვენ უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს და სოლიდარობით, ურთიერთმხარდაჭერით, ერთიანი ბრძოლით, ერთად აღვადგენთ სამართლიან წესრიგს და მშვიდობას ქვეყანაში.
ეს ბრძოლა ქართველი ხალხის დამაჯერებელი უპირატესობით მიმდინარეობს და მისი გამარჯვებით დასრულდება! თავისუფლება ყველა უკანონო პატიმარს!” – აღნიშნულია განცხადებაში.