უკრაინას არ გაუფრთხილებია შეერთებული შტატები კურსკის რეგიონში ოპერაციის შესახებ. ამასთან, ამ ქმედებებით ვაშინგტონის პოლიტიკას არ არღვევენ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები უკრაინასთან კურსკის რეგიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კონტაქტზეა.
ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს, გააფრთხილა თუ არა კიევმა ვაშინგტონი თავისი განზრახვების შესახებ.
“არა, მაგრამ არც ისე იშვიათია, როცა უკრაინელები არ გვატყობინებენ ზუსტი ტაქტიკის შესახებ განხორციელებამდე და განხორციელებისას“, – განაცხადა მილერმა.
მისივე თქმით, შეერთებული შტატები უკრაინას აწვდის იარაღს და რჩევებს, ”მაგრამ როდესაც საქმე ყოველდღიურ ტაქტიკასა და ყოველდღიურ დარტყმებს ეხება”, ზოგჯერ არანაირი კავშირი არ არის ”და ეს მიზანშეწონილია”.
“ჩვენს პოლიტიკაში არაფერი შეცვლილა და იმ ქმედებებით, რასაც ისინი დღეს ახორციელებენ, არ არღვევენ ჩვენს პოლიტიკას“, – აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.
კურსკის ოლქში ბრძოლები უკვე მეორე დღეა, მიმდინარეობს. რუსები უკრაინელ სამხედროებს საზღვრის “გარღვევაში“ ადანაშაულებენ.
კურსკის ოლქში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით უკრაინული მხარის მიერ ოფიციალური კომენტარი ამ დროისთვის არ გაკეთებულა, პუტინის განცხადებით კი, კურსკის ოლქში უკრაინის შეჭრა დიდ პროვოკაციას წარმოადგენს.