რუსეთი ახორციელებს მასიურ კომბინირებულ შეტევას უკრაინაზე. საღამოს მტერმა გაუშვა “შაჰედები“, დილით კი რაკეტები. კიევში, რამდენიმე ქალაქსა და რეგიონში აფეთქებების ხმა უკვე ისმოდა. ადგილობრივი ხელისუფლება მოუწოდებს მოქალაქეებს, დარჩნენ თავშესაფრებში. კიევში მუშაობს საჰაერო თავდაცვა.
ოკუპანტების თავდასხმაა მთელ რიგ ოლქებშიც.
ამ დროისთვის ცნობილია 2 დაღუპულის და 5 დაშავებულის შესახებ.
ლუცკის მერის თქმით, მტრის თავდასხმის შედეგად ქალაქში ინფრასტრუქტურული ობიექტი დაზიანდა.
უკვე ცნობილია, რომ რუსეთის თავდასხმის შედეგად ლუცკში საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.
გარდა ამისა, პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, მტრის სამიზნე კვლავ ენერგოობიექტები გახდა.
“ჩვენი ენერგეტიკული სექტორის განადგურების სურვილი ძვირად დაუჯდება რუსებს და მათ ინფრასტრუქტურას“, – წერს ანდრეი ერმაკი.
დაბომბვების გამო უკვე შეიქმნა ელექტროენერგიის და წყლის მიწოდების პრობლემა.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ აფეთქებები მოხდა ვინიცასა და ოლქში, კროპივნიცკში (კიროვოგრადის ოლქი), ხარკოვში, ოდესაში, კრივოი-როგში, ზაპოროჟიეში, დნეპრში, ხმელნიცკის, ჩერნიგოვის ოლქში და კიევში, ასევე ლვოვში, ლუცკში და პრიკარპატიეში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ რუსეთის ფედერაციის საჰაერო სივრცეში დაფიქსირდა 11 Tu-95MS თვითმფრინავის აქტივობა, ასევე გაჩნდა ინფორმაცია, რომ ჰაერშია Tu-22M3. რუსებმა რაკეტები გაუშვეს სტრატეგიული თვითმფრინავებიდან და გემებიდან.
ოკუპანტების მიერ უკრაინის სარაკეტო დაბომბვის ფონზე პოლონეთმა ავიაცია მზადყოფნაში მოიყვანა. პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა წერს, რომ “დილიდანვე აკვირდებიან რუსეთის ინტენსიურ დარტყმებს ობიექტებზე, რომლებიც მდებარეობენ მათ შორის უკრაინის დასავლეთ ტერიტორიაზე და დაწყებულია ყველა საჭირო პროცედურა ქვეყნის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”.